ახალი ამბები

სასამართლომ GPB-ს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის გადახდა დააკისრა

24 მარტი, 2017 • 8971
სასამართლომ GPB-ს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კომპენსაციის სახით საზოგადოებრივ მაუწყებელს 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.

“ყველაზე მთავარია, რომ ჩემი გათავისუფლება სასამართლომ აღიარა უკანონოდ. რაც შეიძლება დანარჩენს, მორალური ზიანი და სხვა, არის მეორეხარისხოვანი”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საიას იურისტის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ან სამსახურში აღედგინა მიშველაძე, ან კომპენსაციის დაკისრება გამოეყენებინა ალტერნატივად:

“სასამართლომ ჩათვალა, რომ კომპენსაციის მუხლი უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, საზოგადოებრივ მააუწყებელს 30 000 ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით. დისკრიმინაციის ნაწილში ჩვენ ვითხოვდით, მორალური ზიანის ანაზღაურება მომხდარიყო 3 000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა. როდესაც გადაწყვეტილებას ჩავიბარებთ, დავფიქრდებით, ამ ნაწილში ღირს თუ არა დავის გაგრძელება”,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან  და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ეკა მიშველაძე 2016 წლის თებერვალს ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდგომაც ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა. სასამართლოში ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავს. ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ სასამართლომ ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ, დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულად მიიჩნიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი