1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტსა და სამშობლოს ღალატში მსჯავრდებული შოთა რატიანი სასამართლოს გზით სახელმწიფოსგან ნახევარი მილიონი ლარის კომპენსაციას ითხოვს.
“ნეტგაზეთთან” საუბრისას შოთა რატიანის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ ეს ბრალი შოთა რატიანს არასოდეს უღიარებია და პატიმრობაში მყოფმა ქსნის ციხიდან მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს. მისივე თქმით, 2005 წელს საქმე მოიგო და კომიტეტმა შოთა რატიანის მიმართ სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევა დაადგინა.
“დღემდე დაგვჭირდა ბრძოლა, რომ აღსრულების რაიმე მექანიზმი ყოფილიყო. დღემდე კანონიერ ძალაშია უზენაესი სასამარლოს განაჩენი, ეს კაცია ტერორისტი, სამშობლოს მოღალატე და უკანონო შეიარაღების წევრი. ჩვენ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სამოქალაქო პროცესში შეიტანა ცვლილება და გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება ჩაითვალა ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომლის გამო სასამართლოს შეიძლება მიმართოს პირმა სამი თვის განმავლობაში, რაც ეს ცვილილება შევიდა,”- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
ადვოკატის განცხადებით, ამჟამად სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა.
მისივე თქმით, მოპასუხე მხარეები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და და პროკურატურა.
“კანონის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და ვითხოვთ 500 000 ლარს,”- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.