“ჩამორთმევას რატომ არქმევთ? გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გადავიხადოთ თუ არა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენად მიზანშეწონილია ამ თანხის გადახდა, როცა, დავუშვათ, ელემენტარულად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი გვაქვს თვითონ უწყებაში და როცა ჩვენ პირიქით, უფრო ვზრუნავთ და ვიზრუნებთ ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე. როცა არსებობს ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე?”, – განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ სარგებლობდა ამ თვითმფრინავით, ეს მაშინვე გაირკვევა, როცა საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნება:
“აღნიშნულ შესყიდვას ჯერჯერობით ადევს საიდუმლო გრიფი, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება, სანამ გრიფის ახსნის პროცედურები არ იქნება დაცული, შეუძლებელია. ეს საკითხი ძალიან იოლად გარკვევადია, ამას განაპირობებს ერთი–ორი ფაქტი. ნებისმიერი ფრენა, რომელიც განხორციელდა ბორტი #1–ით და ბორტი #2–ით, არის დაფიქსირებული. კონკრეტულად რა თარიღში სად იმყოფებოდა ეს თვითმფრინავი და რა ფრენა განხორციელდა. თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ შეადაროთ, რომელი მთავრობის წევრი როდის, სად იმყოფებოდა”, – აღნიშნა ალექსანდრე ბურჭულაძემ. მისი თქმით, საიდუმლო გრიფის მოხსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში ხდება საჯარო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორის ნაცვლად ერთი თვითმფრინავი მოემსახურება, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ გაავრცელა, მის განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო.