ახალი ამბები

თიბილოვი პუტინთან შეხვედრის შემდეგ: რუსეთთან შეთანხმებები ხვალინდელი დღის იმედია

22 მარტი, 2017 • 2183
თიბილოვი პუტინთან შეხვედრის შემდეგ: რუსეთთან შეთანხმებები ხვალინდელი დღის იმედია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად კრემლში ჩავიდა. პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა 21 მარტს შედგა.

შეხვედრის შემდეგ ლეონიდ თიბილოვმა რამდენიმე რუსულენოვან მედიასთან აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ სულ უფრო ინტენსიური ხდება პუტინთან “თბილ და მეგობრულ გარემოში” შეხვედრები და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებმა სერიოზულ დონეს მიაღწია.

თიბილოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკის განვითარება, ახალი, 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, გზებს, სამედიცინო და სხვა ტიპის დაწესებულებების მშენებლობას მოიცავს. ასევე, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, სამხედრო დანაყოფების გაერთიანების შესახებაც ისაუბრეს და მისი ხელმოწერა, “მხოლოდ ტექნიკური საკითხია”.

“ეს შეთანხმებები და ხელშეკრულებები არ არის მხოლოდ რაღაც საგნობრივი მიმართულებები. ეს არის უსაფრთხოება, ხვალინდელი დღის იმედი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით მუშაობის გაგრძელება. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ადგილზე მივიღოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური”, – ამბობს თიბილოვი.

ლეონიდ თიბილოვის თქმით, “რუსეთს შეუძლია სამხრეთ ოსეთის აღდგენითი პროცესის დასრულება”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, პუტინთან შეხვედრაზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის 9 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმის საკითხი, ასევე, წინაასაარჩევნო პერიოდში ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა აქციების შესახებ ისაუბრეს. თიბილოვი ამბობს, რომ ქუჩის აქციები მიუღებელია და ყველაფერი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს.

ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრები კრემლში პერიოდულად იმართება.

ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: sputnik

ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: sputnik

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი