საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, თომას მელიას შეხვედრა თბილისში, რესტორან “მეტეხის ჩრდილში” დღეს, 12 დეკემბერს, 1 საათს გაგრძელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი.
“ვისაუბრეთ იმ მიმდინარე, აქტუალურ საკითხებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი: სასამართლო რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რომელიც ჩატარდება ძალიან მალე და რომელიც დაბალანსებული სისტემის შექმნას ემსახურება. ჩვენს ვისაუბრეთ პროკურატურასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე საკითხებზეც, ვისაუბრეთ საქართველოში რელიგიის თავისუფლების თემაზეც, იმაზე, თუ როგორ წარმატებით წყვეტს სახელმწიფო რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა პრობლემისადმი, რასაც ჰქვია სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, აგრეთვე, საუბარი იყო საქართველოს მომავალზე. წულუკიანის თქმით, მან და არჩილ კბილაშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან საუბრისას დაადასტურეს ის, რასაც წინა მთავრობა არასდროს არ ამბობდა: “ჩვენი მიზანი არის, რომ როცა ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, დავტოვოთ გამართული სისტემა, რათა სხვებმა გააგრძელონ წარმატებით საქმიანობა”.