ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს შეხვდა

21 მარტი, 2017 • 1584
ირაკლი კობახიძე სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს შეხვდა

დღეს, 21 მარტს, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების  რვიანი საპარლამენტო დიპლომატიის მძლავრი და ეფექტური მექანიზმია:

“ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა შესაძლო ფორმატში  კოლეგებთან დიალოგი გავაფართოოთ. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ფართოდ გვემსჯელა ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი, მათ შორის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა და ჩვენი გეგმები გავაცანით, რაც დაკავშირებულია პარლამენტის კანონშემოქმედებით და სადეზამხედველო ფუნქციის გაძლიერებასთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარის, ოლდმივ ტომესენის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით და აშკარაა, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, რათა ევროპული პროექტის ღირსეული წევრი გახდეს. როგორც იცით, რომი ერთ დღეში არ აშენებულა, არც ევროპა. ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასასვლელი.”

ბალტიის პარლამენტის სპიკერის, ინარა მურნიების თქმით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ერთიანობას:

“მინდა აღვნიშნო ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატოს ოპერაციებში. საქართველოს დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ ვნახეთ სამწუხარო სიტუაცია საქართველოს ადმინსიტრაციულ საზღვართან, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის წმინდათა წმინდა პრინციპი.”

სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ხვალ, 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდებიან, ასევე ტექნოპარკსა და ძველ თბილისს დაათვალიერებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი