ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

21 მარტი, 2017 • 2451
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

თბილისში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს განიხილავენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ფარულ მიყურადებაზე უფლებამოსილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს:

“ასევე მნიშვნელოვანია,  სახელმწიფომ სამართლიანად აუნაზღაუროს ხარჯები კომპანიებს, რომლებსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის მომსახურებაში გასწევენ. ცნობილია, რომ  საპარლამენტო უმრავლესობას ყოველ ჯერზე შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მოტივირებული შენიშვნების შინაარსობრივ მხარეზე და აზრიანად და ხარისხიანად განვიხილოთ,” – ამბობს დოლიძე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია,  ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური საშუალება.

პრეზიდენტის აზრით, ამ კანონპროექტებში მრავლადაა იმგვარი რეგულაციები, რომლის ამოქმედება ოპერატორებს აკისრებს შეუსაბამოდ მძიმე და შეუსრულებელ რეგულაციებს. შესაბამისად, პარლამენტს შემდეგ ცვლილებებს სთავაზობს:

“საკუთრების უფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის, სტაბილური და პროგნოზირებადი ბაზრისა და სამეწარმეო ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონპროექტში ჩაიწეროს: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე სამართლიანი ანაზღაურებით განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.”

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20  მარტს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი