ახალი ამბები

პროკურატურა დავით საყვარელიძის დაბარებასთან დაკავშირებით

11 დეკემბერი, 2012 •
პროკურატურა დავით საყვარელიძის დაბარებასთან დაკავშირებით

 

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება ჩააბარა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ქ. ქუთაისში, ასევე პირადად მას მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პროკურატურა დაწვრილებით აღწერს ზემოთ ნახსენებ შექმნილ ვითარებას და იმ გარემოებას, რომელიც დავით საყვარელიძისთვის უწყების გადაცემას უკავშირდება. 

 

დავით საყვარელიძისთვის პირველად უწყების ჩასაბარებლად, პროკურატურის ინფორმაციით, 11 დეკემბერს გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე და ინსპექტორ-გამომძიებელი გოჩა ჩხაიძე გამოცხადდნენ მის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც, პრკურატურის ცნობით, უარი განუცხადეს უწყების ჩაბარებაზე. 

 

“ამავე დღეს გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე ტელეფონით დაუკავშირდა ბატონ დავით საყვარელიძეს  და აცნობა, რომ მოწმის სტატუსით იყო მიწვეული საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს „ახალ რიყესთან” მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.  ბატონმა დავით საყვარელიძემ ნოდარ გოგლიძეს  განუცხადა, რომ  პირადად დაკავშირებოდა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი პროკურორთან ერთად და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა მასთან. 2011 წლის 11 დეკემბერს, 11:24 საათზე, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებლი დავით ჩუბინიძე კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მისმართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, გამოძიებამ ჯერ დაკითხოს პრემიერ მინისტრი და შემდგომ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. მანვე უწყების დატოვება მოითხოვა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, კახეთის გზატკეცილზე,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

როგორც პროკურატურაში ამბობენ, დავით საყვარელიძის განცხადებით, მხოლოდ ზემოთ ხსენებული პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდებოდნენ პარლამენტის წევრები გამომძიებელთან.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ქალაქ თბილისში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

რიყის ტერიტორია, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგრვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით გასხვისდა 2006 წლის 2 მაისს, თუმცა შემდგომში ხსენებული ფართობი უკან იქნა გამოსყიდული საბიუჯეტო თანხით და ბევრად მეტ ფასად. პროკურატურის განმარტებით, ეს გარემოება ბადებს კითხვებს ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

“ამ ოპერაციიის განხორციელებისას  თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია კომისიის რამდენიმე წევრი და დღის წესრიგში დადგა დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაკითხვაც, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.”

 

საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი- ფართით 43350 მ.კვ.- 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით  7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ–ერთ შპს–ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის  განაშენიანება.  2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.
 
 
გამოძიების თანახმად, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტები სხვადასხვა უწყებიდან. მოწმის სახით დაკითხული არიან თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის იმჟამინდელი წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ქონდათ ხსენებულ საკითხთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი