ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი საქართველო-რუსეთის დიალოგის დაწყებას მიესალმება

11 დეკემბერი, 2012 •
პაატა ზაქარეიშვილი საქართველო-რუსეთის დიალოგის დაწყებას მიესალმება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის გამართული შეხვედრის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, თუმცა მინისტრი ორ ქვეყანას შორის დიალოგის პროცესის დაწყებას მიესალმება.

 

“კარგია, რომ პროცესი დაიწყო, ინიციატივა არსებობს ორივე მხრიდან, ეს მისასალმებელია. საჭიროა უკვე პირველი ნაბიჯი გაიდაგას. ეს მოიტანს საუბარს იმაზე, დაიწყება თუ არა დიალოგი.”

 

შეგახსენებთ, რომ არაფორმალური შეხვედრა ქართულ და რუსულ მხარეს შორის უახლოეს დროში, სავადაუროდ, შვეიცარიაში შედგება. ასევე, სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს გრიგორი კარასინი წარმოადგენს.

 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ცხადებს, აღნიშნული შეხვედრა იქნება უფრო მეტად ტექნიკური და საორგანიზაიო ხასიათის, სადაც მხარეები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი. 

 

მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხელშესახები, რეალური შედეგები სწრაფად არ იქნება მიღწეული:

 

“თუმცა პირველ ეტაპზე წარმოგვიდგენია, რომ რუსეთის მხრიდან პირველი ნაბიჯი იყოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, მაგრამ ადრე თუ გვიან mოგვიწევს რთულ საკითხზებზე საუბარი.”

 

რამდენიმე დღის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხარე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. 

 

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.

 

საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი