მისი თქმით, ფიჭური კავშირგაბმულობის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთია, ოქრუაშვილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება მისი და მისი ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს.
“ამ ზეწოლას ახორციელებდნენ გენერალური პროკურატურის, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ძალიან მაღალი თანამდებობის, ფაქტიურად უმაღლესი პირები. ეს ხდებოდა იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებითა და მითითებით, ხოლო ახორციელებდნენ დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები,”- აცხადებს ქიტოშვილი რუსთავი 2 -თან საუაბრში.
როგორც ქიტოშვილი აცხადებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს არიდებს.
ქიტოშვილმა პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა და აპირებს სარჩელი სასამართლოში შეიტანოს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განმარტებით, განცხადებაში, რომელიც ქიტოშვილმა მათთან წარმოადგინა, ნათქვამია, რომ ქიტოშვილს სურს ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმედ დაიკითხოს.
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. გამოძიების მაშინდელი განაცხადით, დიმიტრი ქიტოშვილმა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგში, ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად, 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანია ”არტის” წარმომადგენელი გურამ გოგუასთვის 2,6%-იანი წილი, რომლის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.
თუმცა პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
”ქიტოშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაეხმარა სამართალდამცავებს გამოძიებაში, ამ მიზეზის გამო ქიტოშვილი გირაოთი იქნა გათავისუფლებული,-” განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ 28 სექტემბერს.