ახალი ამბები

მარჯანიშვილის გარემოვაჭრეების თქმით, მათი ნივთები ისე წაიღეს, არც გაუფრთხილებიათ

19 მარტი, 2017 • 4313
მარჯანიშვილის გარემოვაჭრეების თქმით, მათი ნივთები ისე წაიღეს, არც გაუფრთხილებიათ

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეები, რომლებსაც მერიამ არ მისცა საშუალება, რომ დახლები გაეშალათ, ამბობენ, რომ მათი ნივთები ისე წაიღეს, რომ წინასწარ არც გაუფრთხილებიათ.

დღეს, 19 მარტს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს არ მისცეს საშუალება, რომ ჩვეულებისამებრ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ევაჭრათ. მარჯანიშვილის მეტროს გამოსასვლელთან ნახავდით ბუკინისტებს, რომლებსაც მოძრავ თაროებზე ყიდნნენ ძველ წიგნებს, სათვალეების გამყიდველებს, ბიჟუტერიის და ტანსაცმლის გამყიდველებს.

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

ამ ტერიტორიაზე მოხალული სიმინდის სუნიც იდგა, რადგან რამდენიმე ადამიანს სიმინდის მოსახალი აპარატები ჰქონდა და პოპკორნს ყიდდა. იყიდებოდა ქოთნის ყვავილები და თაიგულები. იგივე ხდებოდა მარჯანიშვილის მოედანზე, მეტროს გვერდითა მხარეს. მარჯანიშვილის ქუჩის ტროტუარზე ორივე მხარე გარემოვაჭრეებს ჰქონდათ დაკავებული, აქ სურსათი: ხილი და ბოსტნეულიც იყიდებოდა.

თუმცა, დღეს, ეს ტერიტორია დილიდან გარემოვაჭრეების ნაცვლად თბილსერვისის მანქანასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ დაკავებული. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ პოლიციამ დილის შვიდი საათიდან უკვე მიჰქონდათ მათი ის ნივთები, რომლებიც შაბათს ღამით, დატოვეს: ესენი იყო ძირითადად გასაშლელი დახლები და სკამები.

“ეს იყო მაგარი დარტყმა ჩვენთვის. მოვდივარ სახლიდან, რომ რაღაცას გავყიდი, რომ საჭმელი მივიტანო, დღევანდელ პერიოდში ყველას უჭირს საერთოდ”, – გვეუბნება თინა ადეიშვილი, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე ქოთნის ყვავილებს ყიდდა.

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

თინა ადეიშვილი ამბობს, რომ დღეს დილით მისულს მისი მაგიდა და სკამი, ასევე ყვავილები, წაღებული დახვდა.

“ყველაფერი წაიღეს. არ ვიცი სად წაიღეს. აქ ვტოვებდით, მაგრამ გაფრთხილება არ გვქონია, რომ გვქონოდა გაფრთხილება აქ ჩვენ არ დავტოვებდით, შევინახავდით სადღაცა, მოვათავსებდით. მაგიდა სკამი მქონდა და ყვავილები. სკამი ვიყიდე, რომ მცოდნოდა წინა დღით, შევინახავდი”, – ამბობს თინა ადეიშვილი.

თინა ადეიშვილი ამბობს, რომ მას ზარალი მიადგა დაახლოებით 100 ლარის ოდენობით. მისთვის მისაღებია, რომ მერიამ მას გამოუნახოს ადგილი, რომ გადასახადებისგან გაათავისუფლოს რამდენიმე თვით, თუმცა არ უნდა რომ ეს ცრუ დაპირება იყო.

“ყოველდღიური შემოსავალი იყო, საჭმელს ვყიდულობდი ყოველდღიურად, ამაზე ვიყავი დამოკიდებული. მარტო ჩემი ბიჭი მუშაობს, მაგრამ ეს შემოსავალი არ გვყოფნის, ნაქირავებში ვართ. იმიტომ გამოვედი, თორემ რა მინდოდა გარეთ”, – ამბობს თინა ადეიშვილი.

მერიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, ის გამოც მათ გარემოვაჭრეებს არ მისცეს საშუალება, ვაჭრობის, იყო მოქალაქეების შენიშვნები ამ ადგილის გადატვირთულობის გამო, თუმცა ადეიშვილი ამბობს, რომ მისი ყვავილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

“ყვავილები რომ მქონდა ყველას მოსწონდა, ტურისტები რომ მოდიოდნენ სურათებს იღებდნენ და ძალიან მოსწონდათ. თითონ გამომვლელ-გამომვლეელსაც აწყობდა რომ ყიდულობდნენ ყვავილებს”, – გვიყვება თინა ადეიშვილი.

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

კიდევ ერთი გარემოვაჭრე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას არ ისურვა, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება, გვითხრა, რომ დილის 8 საათზე მოვიდა აქ და მისი, ისევე როგორც სხვა გარემოვაჭრეების ნივთები წაღებული იყო.

“არც მაგიდები, გარეთ, არც სკამები, არც არაფერი, არც გაფრთხილება მოუციათ ჩვენთვის, რომ აქ აღარ დადგეთ და ასე შემდეგ. მოვითხოვთ ადგილს რომელიც ან ფიქსირებული დაგვიწესონ, ისეთი, რომ შევძლოთ და არა 50 ლარი, რომელსაც ვერ შევძლებთ. იმიტომ რომ 50 ლარს საერთოდ ვერავინ ვერ ვაჭრობდა აქ”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მან მოგვიყვა, რომ იგი ამ ადგილას პოპკორნს ყიდდა, თუმცა თავისი მოსახალი აპარატი და პროდუქცია შენახული ჰქონდა, მისი ნივთებიდან მხოლოდ სკამი და დახლი წაიღეს, სადაც მოხალულ პოპკორნს აწყობდა.

მერიამ გარემოვაჭრეებს არ მისცა საშუალება, რომ დახლები გაეშალათ და მათი ნივთები წაიღეს, იმ მოტივით, რომ გარევაჭრობა კანონსაწინააღდეგოა, ასევე ხელს უშლის მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს გადაადგილებაში, გარევაჭრობა იწვევს ანტისანიტარიას და დაუცველია მალფუჭებადი პროდუქტის უსაფრთხოება და იწვევს ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებას.

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

გარემოვაჭრეებისგან დაცლილი მარჯანიშვილის მოედანი. 19.03.2017

თბილისის მერია აცხადებს, რომ იგი ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი