აფციაური გაბრიელ პავლიაშვილისა და გიორგი გაბროშვილის ინტერესებს იცავდა, თუმცა სხდომის მიმდინარეობის დროს საქმეში მონაწილე ბრალდების მხარეს, კერძოდ, პროკორორებს – ჯაბა გურგენიძესა და ელიზბარ გოზალიშვილს დაუპირისპირდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მისი სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეს უთხრა, რომ გადაყვებოდა ამ საქმეს, რის შემდეგაც ის მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა.
“ესენი არიან ძველი პორკურორები და ცდილობენ დაცვის მხარეს ხელი შეუშალონ კითხვის დასმაში. იყო გამოხდომები და ერთ-ერთმა პროკურორმა კოდექსის წაკითხვაზე მიმითითა, რის შემდეგაც მე ოქმში შესატანად დავაფიქსირე, რომ თუკი არ დაანებებდა არაეთიკურ გამოხდომებს თავს, მე იმ საპროცესო კოდექსს თავზე გადავახევდი”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
იგი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, ჩამოაშოროს ოქრუაშვილის და სხვა პირთა საქმეს გოზალიშვილი და გურგენიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი განცხადებით, ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნება, რადგან “ირაკლი ოქრუაშილის და სხვა პირების საქმე ამ პროკურორებმა შეთითხნეს”. აფციაურის თქმით, ასევე მიკერძოებულია მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს.
იმის გამო, რომ ორი განსასჯელი დაცვის გარეშე დარჩა, სხდომა 19 დეკემბრისთვის უნდა გადადებულიყო, თუმცა მათი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა იტვირთა, რის შემდეგაც მოსამართლემ სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
პროცესზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. ამ დროისთვის იკითხება მოწმე – შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ვანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 28 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და “ქართული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო “უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, რაც 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება შემდეგ პირთა ბრალეულობის საკითხი: იოსებ გიგუაშვილი, გიორგი გაბროშვილი, ხვიჩა საბაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი, ზაზა მეგრელიძე, გაბრიელ პავლიაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, აღნიშნული პირებიც ამ დრომდე იმალებოდნენ და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას, ასევე 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ნიშნავს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას და ტარებას.