ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე გამორიცხავს, რომ პოლიციამ ნარკოტიკის ჩადების მეთოდი გამოიყენოს

17 მარტი, 2017 • 1752
შს მინისტრის მოადგილე გამორიცხავს, რომ პოლიციამ ნარკოტიკის ჩადების მეთოდი გამოიყენოს

“მე გამოვრიცხავ, რომ პოლიციამ ნარკოტიკის ჩადების მეთოდი გამოიყენოს,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიემ, შალვა ხუციშვილმა გაზეთი “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის დაკავების საკითხზე გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დასკვნის გაკეთების საშუალება სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი:

“გამოძიება მიმდინარეობს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცედურა დასრულებული არ არის, როგორც ვიცი, გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. დამატებით, გენერალური ინსპექცია სწავლობს ამ საკითხს. დასკვნის გაკეთება ამ პროცედურების დასრულების შემდეგ შეიძლება. სამართლებრივად სწორი ეს არის და არა ის, რომ მე ახლა რაღაც განცხადება გავაკეთო. ”

დავით ხარშილაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დავით ხარშილაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით: ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი