საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება – გასაღების ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს 1 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულები აღნიშნული ყალბის აქციზური მარკების 750 000 ლარად რეალიზაციის დროს დააკავა. ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში ჩაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 2 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის “ა” პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.