ახალი ამბები

მედიის წინააღმდეგ 38 საქმეზე მასალები საიამ პროკურატურას გაუგზავნა

6 დეკემბერი, 2012 • 1027
მედიის წინააღმდეგ 38 საქმეზე მასალები საიამ პროკურატურას გაუგზავნა

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტის ოცდათვრამეტი შემთხვევა 2008 წლიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაფიქსირდა. როგორც საიაში აცხადებენ, ისინი თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ განხორციელებულა:

 

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის საქმე, რომელიც ეხება კონკრეტულად ჟურნალისტებისთვის და მედიისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას, ეს საქმეები გავაერთიანოთ და ერთიანად მივმართოთ გამოძიების ორგანოებს, მთავარ პროკურატურას, კერძოდ, მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება,” – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

 

მედიის სამართლებირივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის განმარტებით, სულ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო მოხდა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა დამნაშავეების პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით მოხდა, როდესაც ხშირ შემთხვევაში სახეზე სისხლის სამართლის დანაშაული იყო:

 

“ერთი ეს იყო “ინფო–9″–ის ოპერატორის დავით ჩავლეიშვილის ცემის ფაქტი და მეორე – კარალეთის ინციდენტი, სადაც ათი ჟურნალისტი ცემეს. ორივე შემთხვევაში დამნაშავები ადმინისტრაციული წესით მიეცნენ პასუხისგებაში.”

 

საია-ში მიიჩნევენ, რომ რახან სისხლის სამართლის წესით აღძრული საქმეების გამოძიება აღარ სრულდებოდა და შედეგიც არ ჰქონდა, ამ ქმედებებმა დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შესწავლილ საქმებში მოხვდა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა- “ფოტოგრაფების საქმე”, “26 მაისის საქმე”, სატელიტური ანტენების დაყადაღება, სტუდია “მონიტორის” საქმე, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის (“კახეთის საინფორმაციო ცენტრი”) საქმე, ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას (“მე-9 არხი”) საქმე, ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის (გაზეთი ბათუმელები) საქმე და სხვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 24 აგვისტოს მიმართა პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია 2010 წლიდან ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო:

– რამდენ ფაქტზე დაიწყო გამოძიება?

– რამდენი საქმე გადაკვალიფიცირდა აღნიშნულ მუხლზე?

– რამდენ საქმეზე დასრულდა გამოძიება და გადაეცა სასამართლოს განსახილველად?

– რამდენ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება?

– რამდენ საქმეზე შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება?

მთავარი პროკურატურის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო აღნიშნული მონაცემების სტატისტიკურ აღრიცვას არ აწარმოებდა. 2011 წელს გამოძიება დაიწყო ერთ დანაშაულზე, ხოლო 2012 წლის რვა თვის განმავლობაში გამოძიება დაიწყო ექვს დანაშულზე, სამზე კი გამოძიება შეწყდა. ასევე მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებდა საქმის მოცემულ მუხლზე გადაკვალიფიცირების სტატისტიკას.

 

“მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვებით მნიშვნელოვნად ილახება მედიის წარმომადგენლების უფლება, უარესდება მათი სამუშაო პირობები, ვერ ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა ქვეყანაში”, – აცხადებენ საია-ში.

 

მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 38 საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუგზავნა მთავარ პროკურატურას.

 

“ვიმედოვნებთ, რომ თითოეული საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შესაძლებელი გახდება აქამდე არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორება”, – ნათქვამია მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილ წერილში.

ნათია კაპანაძე და თამარ ჩუგოშვილი
ნათია კაპანაძე და თამარ ჩუგოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი