ახალი ამბები

ომბუდსმენი: კანონდამრღვევმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე

12 მარტი, 2017 • 2186
ომბუდსმენი: კანონდამრღვევმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე

ომბუდსმენი გუშინ, გვიან ღამით, ბათუში მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო და მიიჩნევს ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა.

“შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა, 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. მათ ექვსი დაკავებულიც მოინახულეს:

“სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული, ვინც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა” – თქვა მობუდსმენმა.

სახალხო დამცველი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ მშვიდობიანად დაწყებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა და მას ადამიანების ფიზიკური დაზიანება და ქონების გადანდგურება მოჰყვა. ომბუდსმენი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მსგავს გამოვლინებას:

“პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტური რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატარონ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით. ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და კანონის დამრღვევმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი:

“გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტური და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ” – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი