“განცდა მაქვს, რომ “ქრონიკას” ელოდება მთელი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. “ქრონიკა” პირდება მაყურებელს ზუსტ, ობიექტურ და დაუფარავ ინფორმაციას. “ქრონიკის” გუნდი პირდება მაყურებელს, რომ ჩვენ არ შევქმნით ამბებს, არამედ, ავსახავთ რეალობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიბრუნებთ იმ ნდობას, რაც ჰქონდა ამ ტელეკომპანიას თავის დროზე და, შესაბამისად, მის საინფრომაციო გამოშებას”, – განაცხადა განახლებულ “ქრონიკაში” არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ. ის საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” მთავარი რედაქტორი იყო.
ტელეკომპანია “იმედი” პირვანდელ მფლობელს – პატარკაციშვილების ოჯახს 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების შემდეგ დაუბრუნდა. “იმედის” ცნობით, ტელეარხის ძველ და ახალ მფლობელებს შორის მოხდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მოხდა მისი დაბრუნება. ამის შემდეგ საინფორმაციო სამსახურიდან გაუშვეს ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა და “ქრონიკის” გუნდი ახალი და რამდენიმე ძველი კადრით დააკომპლექტეს.
2011 წლის 27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–იან წილს –ჯოზეფ ქეი.
2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.
გიორგი არველაძე საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება ”ტელეიმედის” სხვა მეწილეებს, გიორგი კორახაშვილი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე და კომპანია ”ალგორითმის” პრეზიდენტია, ჯოზეფ ქეი კი, ტელეკომპანიის პირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ”ტელეიმედი” სწორედ მის ხელში აღმოჩნდა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი წლების მანძილზე ცდილობდა ტელეკომპანია დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებასთან მორიგდა და პატარკაციშვილის სხვა ბიზნესების სანაცვლოდ ოჯახმა ტელეკომპანია დათმო.