ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური ადმინისტრირებას ამკაცრებს

3 დეკემბერი, 2012 • • 1341
შემოსავლების სამსახური ადმინისტრირებას ამკაცრებს

საკონტროლო შესყიდვები  ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონტროლებლად გამოიყენება.

საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, ან ჩეკში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი;

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი   სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე;

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა  და იმავე ობიექტში სისტემატურად.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმე ვალდებულია საქონლის რეალიზაციის მომსახურების გაწევის დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი.
მეწარმის მიერ ჩეკის გაცემა უნდა მოხდეს ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან მომხმარებლის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად.
საკონტროლო-სალარო აპარატის გაუმართაობის (დაზიანების)  შემთხვევაში მეწარმე   ვალდებულია გამორთოს სალარო აპარატი და  შეწყვიტოს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.
გაუმართავად (დაზიანებულად) ითვლება საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც: არ ბეჭდავს, გაუგებრად (ბუნდოვნად) ბეჭდავს ან არ ბეჭდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს ჩეკზე; არ ბეჭდავს, ბუნდოვნად ან არასრულად ბეჭდავს საკონტროლო ლენტს ან სხვა დოკუმენტებს, აგრეთვე, არ ასრულებს ან შეცდომით ასრულებს იმ ოპერაციებს, რომელიც გათვალისწინებულია  ტექნიკური მოთხოვნებით; ვერ ღებულობს მონაცემებს, რომელიც დაცულია  ფისკალურ მეხსიერებაში, რაც აუცილებელია საგადასახადო ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლის განსახორციელებლად.

ამ პერიოდში მეწარმეს შეუძლია გამოიყენეოს დადგენილი წესით რეგისტრირებული მისივე საკუთრებაში არსებული ან და ტექნიკური მომსახურების ცენტრის მიერ დროებით მფლობელობაში გადმოცემული სარეზერვო სალარო აპარატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი