ახალი ამბები

ზაზა პაპუაშვილი: თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი

10 მარტი, 2017 • 2681
ზაზა პაპუაშვილი: თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი

“თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი,”- ეს განცხადება მან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის კომენტირებისას გააკეთა.

კვლევის თანახმად, ზაზა პაპუაშვილმა “ქართულ ოცნებას” 45 000 ლარი შესწირა. ანგარიშის მიხედვით, 2016 მისი შემოსავალი 78 885 ლარი იყო, ამასთან, პაპუაშვილმა 36 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184%-ს წარმოადგენს.

“როგორი ჩამორჩენილები ხართ, რა გჭირთ? ეს სართაშორისო გამჭირვალობა. აგვისტოში, თუ როდის იყო…ახლა რა დროს ამაზე ლაპარაკია, ყველა ჟურნალისტი რომ ეხლა მირეკავს. ჩემი შემოსავალი დათვალეს მაგ დროს? ვინ დათვალა? მე თუ კანონი დარღვეული მაქვს, კანონმა მაგებინოს პასუხი. ეს შვიდი წლის წინანდელ იმაზეა. რა დროს ეს თემებია. მე სიცოცხლეს ვწირავდი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეცვლილიყო და თანხას ვერ შევწირავდი გამარჯვებას?!”- ამბობს პაპუაშვილი.

“ნეტგაზეთი” შეეცადა მისთვის კვლევის პერიოდზე და ასევე კონკრეტულ ციფრებზე მიეწოდებინა ინფორმაცია, რათა კითხვა დაესვა, თუმცა პაპუაშვილმა განაცხადა, არ აინტერესებს, რა წერია კვლევაში:

“არ მაინტერესებს რა უწერიათ. კანონმა მომთხოვოს პასუხი და არა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელიც ჩემთვის არანაირ ავტორიტეტს წარმოადგენს. მიხვდით? კარგად გაგეცით პასუხი? როგორ გიპასუხოთ იმაზე, ქართულ ოცნებას რატომ შეწირეთ თანხაო? რატომ არ მეკითხებოდით, რატომ ვწირავდი თავს ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის დროს? ეს არის ჩემი პასუხი.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI)  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნა. კვლევა 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შემოწირულობა სულ 122-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა.

რამდენიმე შემომწირველის შემთხვევა კი ორგანიზაციის აზრით, კითხვის ნიშნებს აჩენს. მათ შორის არიან: პარლამენტის წევრები – ზვიად კვაჭანტირაძე, ზაზა პაპუაშვილი,  ფატი ხალვაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა ამ პირებს საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი