ახალი ამბები

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

2 დეკემბერი, 2012 •
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

შს სამინისტრო აცხადებს, რომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს, მათ შორის არიან: თენგიზ ფერაძე, ჩარლზ არტურ ფლეტჩერი, სვიატოსლავ მელაი, აჰლიმან მანსუროვი, ნიკოლოზ ქავთარაძე და ზენფირა ისმაილოვა.

თენგიზ ფერაძე, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ რავამაზოვიეცკაში დააკავეს. ის საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 28 ივნისიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. ფერაძე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქრთამის მიცემის წაქეზებისა და თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული. შსს-ს ცნობით, დაწყებულია წინასაექსტრადიციო პროცედურები.

 

რაც შეეხება ჩარლზ არტულ ფლეტჩერს, ის თბილისის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ დააკავა. ფლეტჩერი 2012 წლის 27 სექტემბრიდან ვაშინგტონის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ამერიკული მხარისთვის გადაცემის პროცედურები, შსს-ს ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს.

 

სვიატოსლავ მელაი 2012 წლის 23 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, ის თაღლითობის ბრალდებით კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

 

აზერბაიჯანის მოქალაქე აჰლიმან მანსუროვი 2012 წლის 29 ნოემბერს სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, „წითელ ხიდზე” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ინტერპოლის თბილისის ბიურომ დადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წლის მაისიდან გერმანიის ინტერპოლის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში არაერთგზის ჩადენილი ქურდობისთვისა და სხეულის დაზიანებისთვის იძებნებოდა .

 

ნიკოლოზ ქავთარაძე საქართველოს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდა. მის მიმართ საქმე აღძრული იყო ბრალდებით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აზრბაიჯანის მოქალაქე ზენფირა ისმაილოვა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით შემოსვლისას სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ის 2012 წლის 14 აგვისტოდან საერთაშორისო ძებნაში ადამიანების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ზენფირა ისმაილოვას ექსტრადიცია აზერბაიჯანში უკვე განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი