ახალი ამბები

კალაძე: ევროპარლამენტარებს შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ რ2-ზე

10 მარტი, 2017 • 2862
კალაძე: ევროპარლამენტარებს შეიძლება არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ რ2-ზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთვარობა ევროპარლამენტარების წერილზე, რომელიც რუსთავი 2-ის საკითხს შეხებოდა პასუხს უახლოეს დღეებში წარმოაოდგენს. კალაძის თქმით, მათი განცხადებები, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშაა არასწორია. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ცრუ ინფორმაციას აწვდიან.

“ევროპარლამენტარების წერილს გავეცანი, შინაარსი ვიცი. შესაბამისად, ჩვენი პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში.

მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები – საქართველოში არც ერთ მედიასაშუალებას არ აქვს საფრთხე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებში ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როცა ტელევიზიების დახურვა მიდიოდა. არც ერთ მედიასაშუალებას და არც რუსთავი 2-ს არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

თუ არის რიამე ხარვეზი რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწოდეს. კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. უბრალოდ ის, რომ თითქოს, მედია არის ტერორის ქვეშ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი,” – ამბობს მინისტირი.

კალაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში არასწორი ინფორმაცია აქვთ და არ გამორიცხავს, რომ მათზე გავლენა მოახდინეს:

“შეიძლება ჰქონდეთ. მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიდის ჩვენი მხრიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებზე ზეწოლა, შეიძლება ითქვას, რომ არის არასწორი.

არ არის გამორიცხული, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგად აპელირებდნენ ისინი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტის 17-მა წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური წერილით მიმართა. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას არ ჩაერიონ მედიის სარედაქციო პოლიტიკაში.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი