ახალი ამბები

თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

2 დეკემბერი, 2012 •
თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს თენგიზ გუნავას სასამართლო პროცეს, საქალაქო სასამართლოში დილის 11 საათზე გაიმართება.

შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს სასამართლო იმსჯელებს.

სასამართლომ გუნავას ერთხელ უკვე შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად გირაო.  თენგიზ გუნავამ, რომელიც თავადაპირველად იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს,  შსს–ს თანამშრომლების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გუნავა მიიჩნევს, რომ  დაკავებისას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს და მასზე მოხდა შურისძიება ბაჩო ახალაიასთან მეგობრობის გამო.

თენგიზ გუნავა 29 ნოემბერს მეორედ დააკავეს, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) აქვს წაყენებული.
გუნავას ადვოკატი გიორგი ონიანი სასაცილოს უწოდებს ბრალდებებს, რომელიც პროკურატურამ შსს-ს გენინსპექციის ყოფილ უფროს წაუყენა.
“სასაცილო რაღაც მოხდა, უკვე მესამედ, ორი სასაცილო რამ ხომ იცით, ახლა მესამე, ასევე სასაცილო ბრალდებაა. მის ყოფილ მძღოლს, დააწერინეს ჩვენება, თითქოს 2 წლის წინ ინციდენტი მოუვიდა გუნავასთან. მძღოლს ჩვენებაში უწერია, რომ ინციდენტის შემდეგ გაიარა დაახლოებით ოცი მეტრი, ამ დროს გაიგო გასროლის ხმა და მიხვდა, რომ ფეხში იყო დაჭრილი. ანუ ჩვენებაში იმასაც არ ამბობს, რომ გუნავამ დაჭრა. ერთი მოწმე ყავთ, ყოფილი სოდის უფროსი. ერთი კვირის წინ ის დაკითხეს და მან თქვა, რომ არაფერი მსგავსი არ იცის, ერთი კვირის შემდეგ კი იმეორებს იმას, რასაც მძღოლი ამბობს. მან ჩვენება შეცვალა და ჩვენების შეცვლისთვის არაფერი არ დააკისრეს”,-ამბობს გიორგი ონიანი.

 

რაც შეეხება სხვა ბრალდებებს: შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, ბრალდება, რომლის გამოც გუნავა მეორედ დააკავეს, სახელმწიფო საიდუმლოებას შეეხება.

ადვოკატის თქმით, გამოძიება თენგიზ გუნავას არა 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას, არამედ ოპერატიული მიზნებით აღებულ თანხას 49 500 ლარს და ამავე მიზნით მოხმარებულ საწვავს ედავება.

 

“არის სახელმწიფო საიდუმლოება, რომლის ასე გამჟღავნება უბრალოდ არ შეიძლება, შეეძლოთ დაებარებინათ, გენერალურ ინსპექციას, ვისაც აქვს ამის უფლება და ვალდებულება და მათ აუხსნიდა, თუ რა სახელმწიფო ინტერესი იდო და რა სახელმწიფო ინტერესი მოგვარდა და გადაწყდა ამ თანხის და ამ ღონისძიების შედეგად”, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი