ახალი ამბები

სააკაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ

1 დეკემბერი, 2012 • • 1198
სააკაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ

სააკაშვილის განცადების მიხედვით, გუშინ, 30 ნოემბრის  საღამოს, საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტის  ხელმძღვანელობით, ერევანში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე გაემგზავრა.

დელეგაცია აღნიშნულ ღონისძიებაზე შეუერთდა ევროკომისიის პრეზიდენტს – ხოსე მანუელ ბაროსოს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს – ვილფრედ მარტენსს, სომხეთის პრეზიდენტს – სერჟ სარგსიანსა და მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრს – ვლად ფილატს, ისევე როგორც- ევროპარლამენტის და ეროვნული პარლამენტების სხვადასხვა წევრებს. 

 
“ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დელეგაციის წევრი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. ის მონაწილეობდა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ხანგრძლივ პირისპირ შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტთან. ამის შემდეგ დაიწყო ის ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი ისტორია, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს. 

 
თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად, იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლესაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ”– ნათქვამია განცხადებაში. 

 
პრეზიდენტის თქმით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს იმ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, რაც დამკვიდრდა საქართველოში და შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დევნის ფაქტებთან დაკავშრებით. ამასთან იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ. 

 
“საქართველოს საზოგადოება მეტს იმსახურებს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს მსჯელობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არა ისეთი ისტორიების ფაბრიკაციას, რომლებიც ემსახურება ყურადღების სხვაგან გადატანას და იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერას”– ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 
 

შეგახსენებთ, როგორც შსს სამინისტრო აცხადებს, რომ 30 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვიზიტის შეფერხების თავიდან აცილების მიზეზით, “ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23 საათზე, უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს, 1 დეკემბერს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.”-აცხადებს სამინისტრო.

 
 
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 8 საათზე ყოფილი პრემიერის და შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი