ახალი ამბები

შავერდაშვილი ივანიშვილს: გთავაზობთ ‘მე-9 არხი’ 1 ლარად მოგვყიდოთ

30 ნოემბერი, 2012 • • 1198
შავერდაშვილი ივანიშვილს: გთავაზობთ ‘მე-9 არხი’ 1 ლარად მოგვყიდოთ

“გთავაზობთ “მე-9 არხი” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოგვყიდოთ ჩვენ, ჟურნალ “ლიბერალის” საგამომცემლო ჯგუფს. ჩვენ უკვე 8 წელია ვმუშაობთ ქართულ მედია-ბაზარზე და არაერთი ფინანსური, პოლიტიკური თუ ადამიანური გამოწვევის მიუხედავად, შევძელით შეგვენარჩუნებინა რეალური დამოუკიდებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. ჩვენი გამომცელობა ასევე აქტიურად მონაწილეობს მედიაგარემოს გაუმჯობოსებასთან დაკავშირებულ პროცესებში.

 

ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ  ვუზრუნველყოფთ “მე-9 არხის” დამოუკიდებელ, “ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად” გარდაქმნას, და არა მის დასუსტებას, დაშლასა თუ პოლიტიკური გავლენების არეალში მოხვედრას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადად მედია-ბაზრის გაჯანსაღებას”, – ნათქვამია “ლიბერალის” მთავარი რედაქტორის ღია წერილში. 

 

შავერდაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ამ წინადადებას პრემიერს მის მიერვე დეკლარირებული სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე სთავაზობს, რომელიც გამოიხატება ივანიშვილის განცხადებაში, რომ ის მომავალში, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის აპირებს ბრძოლას.

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალი “ლიბერალი” 8-თვიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის 3 სექტემბერს კვლავ გამოვიდა. ჟურნალის ვებ–გვერდზე მთავარი რედაქტორის წერილში ვკითხულობთ, რომ ჟურნალის დაბრუნება  შესაძლებელი გახადა “მე-9 არხთან” გაფორმებულმა ერთწლიანმა სარეკლამო კონტრაქტმა, რაც “ლიბერალისთვის” დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “მე-9 არხი” გენერალურმა დირექტორმა დატოვა, ხოლო დღეს -საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ჟურნალისტების ნაწილმა. “მე-9 არხზე” ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ლუბა ელიაშვილი დაინიშნა, ხოლო ამას წინ უძღვოდა პრემიერის განცხადება, რომ მას უხერხულობას უქმნის ის ფაქტი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელი მისი მეუღლეა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს არხის გასხვისებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი