ახალი ამბები

“საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ქალების კონსოლიდირებული ხმა უნდა ისმოდეს”

8 მარტი, 2017 • 3575
“საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ქალების კონსოლიდირებული ხმა უნდა ისმოდეს”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში ქალთა ხმა ნაკლებად არის გათვალისწინებული.

ეს განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 8 მარტს, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის მიმოხილვასთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ესწრებიან, საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში “ქალების კონსოლიდირებული ხმა ისმოდეს”.  დღესვე, ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.

საია საკონსიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრია. კითხვაზე, რამდენად არის ქალების ხმა გათვალისწინებული საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ანა ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ “გათვალისწინებული, ალბათ, ნაკლებად არის”.

როგორც ნაცვლიშილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, მათ მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული ფორმულირების თანახმად, კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლი სახელმწიფოს დააკისრებდა ვალდებულებას, ებრძოლა უთანასწორობასთან, არა  როგორც უკვე დამდგარ შედეგთან, არამედ ებრძოლა უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ:

“მიზეზებთან ბრძლა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა მეთოდის, როგორც სამართლებრივი, ასევე არასამართლებრივი ვალდებულებების გამოყენებას აკისრებდეს სახელმწიფოს, მათ შორის პოზიტიური ზომების, კვოტების გათვალისწინება იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც შეიძლება ჩაიდოს კონსტიტუციაში. სამწუხაროდ, ეს არ იყო გათვალისწინებული,”- გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი, ამ ეტაპზე, სოციალურ-ეკონომიკური თემების მიმართ “ნაკლებ ინტერესსა და დახურულობას” ამჟღავნებს.

“რატომ არის ეს მიბმული ქალების საკითხთან?  საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებული ფაქტია, რომ სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცულობის დაბალი ხარისხი ყველაზე მძიმე ტვირთად აწვებათ ქალებს და ამიტომ, ამ კონტექსტშიც, მნიშვნელოვანი იქნებოდა, გენდერული პერსპექტივით ხელმძღვანელობა კომისიის წევრების მხრიდან,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში არიან კონსერვატიული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებიც, რომლებსაც, ამ კომისიაშიც და მის მიღმაც არაერთხელ უთქვამთ, რომ საჯაროდ ქალის აქტიურობა და არ არის მისი უპირველესი ფუნქცია.

“ასეთ შემთხვევაში, მე ნამდვილად მოველი, რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით მწვავედ იბრძოლებენ ისეთი უფლებების დასაცავად, როგორც არის მაგალითად, გარემოს დაცვის უფლება, სხვადასხვა სოციალური უფლებები, იმიტომ, რომ თუ მათ, რეალურად, მომავალი თაობების ინტერესი ამოძრავებთ, როცა ამბობენ, რომ ქალი საჯარო საქმეში არ უნდა ჩაერთოს, იმიტომ, რომ ის მოაკლებს შვილებს ყურადღებას და ამ ლოგიკით როცა ხელმძღვანელობენ, არცერთხელ  არ მინახავს ეს ჯგუფები, მაგალითად, გარემოსდაცვით აქციაზე. სწორედ მომავალ თაობაზე რომ ზრუნავენ და ჭმუნავენ, მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ საზოგადოებაში იყოს სუფთა ჰაერი, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ძალიან სერიოზული პრობლემა არის ბავშვებისთვის. ასევე, ძალიან მწვავედ უნდა აინტერესებდეთ ჯანდაცვის საკითხები და სახელმწიფო რა ტიპის და რა მასშტაბის ვალდებულებას აიღებს, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სერვისები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის. თუ ამ პოლიტიკის გამტარებლები არიან ეს კონსერვატიული წევრები, მაშინ აქ მაინც უნდა იაქტიურონ. თუ არ იაქტიურებენ, მაშინ გასაგებია, რომ მათთვის ქალთა დედობრივი ფუნქცია მათ მიერ არის გამოყენებული, რომ ქალებს აუკრძალონ საზოგადოებრივი საქმიანობა და სინამდვილეში მათ არც დედები აწუხებთ და არც მომავალი თაობა,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, საკონსტიტუციო ჯგუფის მუშაობაში ჩართულიყვნენ ვიწრო პროფილის  არასამთავრობოები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებზე მუშაობენ. ამაზე საუბრობს ანა ნაცვლიშვილიც:

“მაგალითად, მათ შორის, მუშაობენ ბავშვებზე, მათ შორის, შშმ პირებზე, ქალებზე და ასე შემდეგ. სხვა ვიწრო სპეციალიზაციის ჯგუფების ჩართვას კომისიის შემადგენლობასა და იმ შინაარსზე, თუ როგორ მიდის იქ პროცესები და რა შედეგებს დავდებთ საბოლოოდ, იქნებოდა პოზიტიური გავლენა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, დიდი და ფართო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემებზე არ ვმუშაობთ და არ შევეცდებით ბოლომდე, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ხმა მინიმუმ ისმოდეს დისკუსიების დროს,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნეტგაზეთთან საუბრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი