ახალი ამბები

ეკონომისტი: ივანიშვილი უნდა გაუფრთხილდეს სააკაშვილის მემკვიდრეობას

30 ნოემბერი, 2012 • • 1180
ეკონომისტი: ივანიშვილი უნდა გაუფრთხილდეს სააკაშვილის მემკვიდრეობას

სტატიაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვლენები არასწორად ვითარდება:

 

“ეს ნაწილობრივ იმის გამოცაა, რომ ძალაუფლება გაყოფილია: ბატონი ივანიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ბატონი სააკაშვილი რჩება პრეზიდენტად მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე – 2013 წლის ოქტომბრამდე,” – ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში აღნიშნულია, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად მხარეებმა ერთობლივად მუშაობის ვალდებულების ინიცირება მოახდინეს, ამჯერად “ქართული ოცნება” ძალაუფლებას აგრესიულად იყენებს.

 

“ეკონომისტი” იმ პირთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან დააპატიმრეს: ყოფილი თავდაცვის და შს მინისტრი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, თბილისის ვიცე მერი:

 

“მათ წინააღდეგ წაყენებული ბრალდება მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებას. ბატონი ივანიშვილის მთავრობა ასევე ცდილობს გაათავისუფლოს პატიმრობიდან ის პირები, რომლებიც გასამართლებული იქნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა  და ტერორიზმის (მაგალითად, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება) ბრალდებით.

 

ნატომ, ევროკავშირმა და აშშ-მა მკვეთრი გაფრთხილებები გასცეს. ამ კვირაში ევროკაშვირიდან ქეთრინ ეშტონი და ამერიკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა თბილისში. მათ აქვთ შეშფოთების და წუხილის გამოხატვის საფუძვლიანი მიზეზები,” – ნათქვამია “ეკონომისტის” სტატიაში.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველო არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვიდან დასავლეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი დერეფანია, ასევე, იშვიათი მაგალითია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნისა, რომელიც მტკიცედ  ატარებს რეფორმებს ეკონომიკაში და საჯარო ადმინისტრირებაში და ცდილობს ააშენოს დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტები. ქვეყანა აღნიშნავს მის კავშირებს ამერიკასა და ევროპასთან და ამ კავშირების გაძლიერებას ცდილობს”.

 

ეკონომისტის სტატიაში წერია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “გრძნეულებზე ნადირობის” მსხვერპლად წარმოაჩენს თავს, რაც არასწორია – მან ნაწილობრივ იმიტომ წააგო არჩევნები, რომ ხალხი განაწყენებული იყო მათი მმართველობის გზით.

 

სტატიაში მითითებულია, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე, თუკი ისინი მართლაც არიან დამნაშავეენი, მაგრამ სამართლებრივი დევნა უნდა განხორციელდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ ივანიშვილის ბანაკშიც ისევე ცუდად იქცევიან, როგორც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის პირობებში იყო. კერძოდ, სტატიაში საუბარია, რომ დევნიან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერებს, ცდილობენ დაატოვებინონ რეზიდენცია პრეზიდენტს იმ მოტივით, რომ ძვირი უჯდებათ ამ რეზიდენციის შენახვა, რასაც გამოცემის შეფასებით, შურისძიების ელფერი აქვს.

 

“ქართულ ოცნებას”, როგორც მმართველ ძალას, აქვს პასუხისმგებლობა პოლიტიკა იყოს სუფთა და კანონიერი. ნაცვლად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განადგურებისა, რისი სურვილის ნიშნებიც ჩანს, ის უნდა კონცენტრირდეს მმართველობაზე, რომ ამომრჩეველმა ხმა საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებში მისცეს”, – წერს “ეკონომისტი” და იქვე ავლებს პარალელეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს და დღემდე ციხეშია.

 

სტატიაში წერია, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობა გულისხმობს საქართველოს ევროინტეგრაციის ნათელ პერსპექტივებს და კეთილგანწყობას ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვაგან:

 

“ივანიშვილი ამას უნდა გაუფრთხილდეს სათუთად და არ გაანიავოს ის,” – ნათქვამია სტატიის ბოლოს.

 

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი კრიტიკული სტატია, რომლიც საქართველოს ახალ მთავრობაზე დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა: “ფიგარო”, “ლიბერასიონი”, “ვაშინგტონ პოსტი” ბოლო დღეებია ინტენსიურად აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს ახალი მთავრობის  შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი