მაღალშემოსავლიანი პირები საყოველთაო ჯანდაცვით დიფერენცირებულად ისარგებლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვით დიფერენცირებულად ისარგებლებენ.

სერგეენკოს თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, სადაც მოქალაქეებს აუხსნიან, რა ცვლილებები შევა საყოველთაო ჯანდაცვაში. მან აღნიშნა, რომ შემოდის დიფერენცირების სხვა ჯგუფები და მხოლოდ მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები არ იქნებიან ის პირები, ვინც ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტებით:

“სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლის მიხედვით, პირველი კატეგორია,  რომელსაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი, ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს, ასეთი არის 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით ხოლო 10 ათასს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტის, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს,”- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ თუ ადრე საყოველთაო ჯანდაცვაში ჩასართავად ერთი ინდიკატორი იყო – ჰქონდა თუ არა პირს კერძო დაზღვევა. უახლოეს პერიოდში მულტი ინდიკატორი შემოვა, რომლის ფარგლებშიც, 19 მიზნობრივი ჯგუფი გამოიყოფა, ვინც ისარგებლებს ჯანდაცვის სრული პაკეტით და მათთვის იქნება ხელმისაწვდომი წამლის კომპონენტის დაფინანსებაც. ამ 19 მოწყვლადი კატეგორიის შესახებ, რომლებშიც შედიან პენსიონერები, ბავშვები, ლტოლვილები და ასე შემდეგ, მინისტრის მრჩეველის თქმით, სრულად და დაწვრილებით საზოგადოებას საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააცნობენ.

“ერთ-ერთი ინდიკატორი დარჩება კერძო დაზღვევაში მონაწილეობა, სხვა ინდიკატორი იქნება შემოსავალი, კიდევ სხვა ინდოკატორია მოწყვლადობის მიხედვით. ანუ, იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც შეუძლია, რომ თავისი ჯანდაცვა ჯიბიდან დაიფინანსოს, დაიფინანსებს ჯიბიდან, მაგრამ მიტოვებული არ იქნება, შედარებით მცირე პაკეტი იქნება შეთავაზებული სახელმწიფოსგან. ამის ხარჯზე გაკეთებული ეკონომია მოხმარდება უფრო მოწყვლად ჯგუფებს,”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი