ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

6 მარტი, 2017 • 3053
იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “გირჩის” საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიზანი მარიხუანას ლეგალიზაცია და პირადი მოხმარების მიზნით, ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის შეძენა, შენახვა დამზადებისთვის არსებული პასუხისმგებლობის გაუქმებაა.

დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ ლეგალიზაციის ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დაახლოებით 1 მილიარდ 700 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებს კანაფის ლეგალიზაციის შემთხვევაში:

“აქამდე საპარლამენტო განხილვების დროს, ჯანდაცვაზე და ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობდით. დღეს ვეცადე ამეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია კანაფის ლეგალიზაცია ეკონომიკისთვის. თუ კოლორადოს შტატის რეგულაციებს გადმოვიღებთ, ჩვენი გათვალებით, დაახლოებით  1,7 მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავალს მივიღებთ ბიუჯეტში, რაც ნიშნავს 35-დან 70 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს. ეს ნიშანვს, რომ ერთ  მილიონ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს ყოველთვიურად 100-100 ლარით დავეხმარებით. მაგალითად, წელს 1,8 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს ვიღებთ და შეგვეძლო ეგ ვალი არ აგვეღო,” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკას ლიბერალიზაცია სჭირდება:

“ბატონო ზურაბ, გეთახნმებით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა საჭირო. თქვენ გეთანხმებათ იუსტიციის სამინისტროც, სამინსიტრო ამზადებს კანონპროექტებს, რომლებიც დღეს არსებულ კანონზე უფრო ლიბერალურია, მაგრამ  თქვენს წინადადებაზე, რომლითაც დღეს თქვენ ჩვენთან მბორძანდით, უარყოფითი დასკვნა გვაქვს. ”

ლეგალიზაციის ეკონომიკური ასპექტები

“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის თანახმად,   ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით დათესვა, მოყვანა და კულტივაცია აღარ განიხილება კანონის დარღვევად, ხოლო რეალიზაციის მიზნით კულტივირება, ცვლილებების მიხედვით, ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით უნდა დაისაჯოს, დიდი ოდენობის დათესვის შემთხვევაში – ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, უნდა გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

“გირჩის” წინადადებით, უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლის  273-ე მუხლიც, რომლის მიხედვით, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება დასჯადი ქმედებაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი