საქმის განხილვას წინა პროცესის მსგავსად არ ესწრებოდა შსს–ს წარმომადგენელი. სწორედ ამ მიზეზით გადაიდო წინა სხდომა. 27 ნოემბერს კი სასამართლომ მხარის დაუსწრებლად განიხილა საქმე, სადაც მოუსმინა მომჩივანის ახსნა–განმარტებას. საქმის განხილვა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან 18 დეკემბერს გაგრძელდება.
გაზეთი “ბათუმელები” სასამართლოსგან მოითხოვს, შსს–ს დაევალოს გაზეთს მიაწოდოს ინფორმაცია 2011 წლის 20–21 ნოემბერს გაკეთებულნ შეტყობინებასთან დაკავშირებით სამინსიტრომ რა ქმედებები განახორციელა.
გაზეთმა ბათუმელებმა 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინა პიროვნება, რომელიც ”ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ვინმე “დავითი” შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. პოლიციელი ჟურნალისტს ემუქრებოდა, თუ არ დათანხმდებოდა შეთავაზებას, სამართალდამცავები გაავრცელებდნენ დამონტაჟებულ, ჰომოსექსუალური შინაარსის ფოტომასალას, რომელზეც თედო ჯორბენაძე შიშველ მამაკაცებთან ერთად იქნებოდა აღბეჭდილი.
2009 წლიდან დღემდე ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს მოეძებნათ და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვათ იმ პოლიციელისთვის, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
გაზეთმა “ბათუმელებმა” დამოუკიდებელი გამოძიებით დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიციელი 1971 წელს დაბადებული დავითდევნოზაშვილია, ის ნამდვილად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამჟამად ცხოვრობს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე. “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი 2011 წლის ნოემბერში პირადად მივიდა დევნოზაშვილის სახლში, ესაუბრა მას, მისგან მიიღო დასტური, რომ ის 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ბათუმში. ამის შემდეგ მზია ამაღლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და აცნობა, რომ მან მიაგნო ადამიანს, რომელიც თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციიის წარმომადგენლებმა, ამაღლობელის დაჟინების მიუხედავად, შესაბამისი ოქმი არ შეადგინეს.
შემთხვევიდან მეორე დღესვე “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეწოდოს გაზეთს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ინფორმაცია), რომელიც არის რეგისტრირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში 2011 წლის 20 ნოემბერს გაზეთ “ბათუმელების” მიერ გაკეთებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, ასევე, დაიბარონ და დეტალურად გაარვკიოს შსს-მ იმ დღეს მომხდარი ფაქტები, გამოავლინოს დამრღვევი პოლიციის თანამშრომლები და დარღვევის სიმძიმის მიხედვით მისცენ პასუხისმგებლობაში.
მიუხედავად “ბათუმელების” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებისა და სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვისა, მათ რეაგირება აღნიშნულზე ამ დრომდე არ მოუხდენიათ.