ნეტგაზეთი | მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევითობაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება დასანანია მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევითობაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება დასანანია – Netgazeti

მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევითობაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება დასანანია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილებას ერთი პოლიტიკოსის გამო აპირებს და მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მათი შეხედულებების მიხედვით ხელმძღვანელობს.

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 3 მარტს, რუსთავი 2-თან დაკავშირებით საგანგები ბრიფინგზე გააკეთა:

“გუშინდელი განცხადება ბატონი სპიკერის, იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებისკენ მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით, ჩემთვის დასანანი იყო, იმიტომ, რომ ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსის, კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე… როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ  პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გუშინ, 2 მარტს საქარველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი წესით არჩევას ემხრობა:

“ქართული ოცნების ხელმღვანელობის წარმომადგენელთა უმრავლესობა ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად და იმისთვის, რომ მიზანი განვსაზღვროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, გადავიდეთ ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი არჩევის წესზე. ამით აუცილებლად ვაჩვენებთ, რომ ამოვდივართ არა კონკრეტული სუბიექტური მოკლევადიანი ინტერესებიდან, არამედ ჩვენი ცვლილება ემსახურება გრძელვადიან განვითარებას,”- გნაცხადა ირაკლი კობახიძემ 2 მარტს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი უნდა იყოს საერთო ეროვნული ლიდერი, მიუკერძოებელი არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა”. მისივე თქმით, საუბარია იმაზე, რომ ეს იდეა კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს კონსტიტუციის ახალ ჩანაწერებში.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ იგი უზრუნველყოფს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვები მოეწყოს:

“ორი პოზიცია დავაფიქსირე. პირველი, რომ ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე, რომ კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიციის დაფიქსირებისა არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ, საზოგადოდ, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების მთავარი დოკუმენტი. მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველი მიზანი, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, არ იქნა მიღწეული. თქვენი, საზოგადოების აქტიურობით, თქვენი პოზიციის ნათლად დაფიქსირებით დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება, აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო. ამ პროცესის შედეგად თქვენ ვერ წაგართვეს არჩევის უფლება. ეს არის პირველი მიღწევა. მეორე მიზანიც ნათლად იყო განსაზღვრილი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ტავისი მოსაზრება დააფიქსიროს კონსტიტუციის გადახედის პროცესში. ამ მეორე მიზანსაც მე მივაღწევ და განვახორციელებ და საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნი აქტიურ და ფართო ფორმატებს იმისთვის, რომ მათ არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არამედ საზოგადოდ ქვეყნის, თანაცხოვრების, პოლიტიკური ცხოვრების მოწყობასთან დაკავშორებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დააფიქსიrონ თავიანთი ნათელი შეხედულებები და ეს შეხედულებები იქნას არა სადღაც მიჩქმალული, არამედ გაზიარებული და მოსმენილი, იმედია შემდეგ გადატანილი საკონსტიტუციო გადახედვის პროცესში,”-  განაცზადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი