ახალი ამბები

ხალვაში: უახლოეს მომავალში “რუსთავი 2”-ს არ ვყიდი

3 მარტი, 2017 • 2827
ხალვაში: უახლოეს მომავალში “რუსთავი 2”-ს არ ვყიდი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს, რომ ის უახლოს მომავალში არ გეგმავს კომპანიის გაყიდვას. ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში ის ასევე არ აკონკრეტებს როდის გადაიბარებს ტელევიზიას. ხალვაშის თქმით, რ2 შეინარჩუნებს კრიტიკულ პოზიციებს.

“ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ. ეს არ იქნება ძალდატანებით დღეს ან ხვალ. შეიცვლება ის რომ, არ იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია და იქნება მთელი საქართველოს ტელევიზია და იქნება კრიტიკული, არ იქნება პარტიული.

მე არ მითქვამს, რომ მაგას ვყიდი-მეთქი. არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, რომ მე ვერ შეგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება “რუსთავი 2”-ის მფლობელი ვიქნები-მეთქი. ჯერ უნდა შევაფასო, გავაკეთო და თუ ბიზნესი მომგებიანია, წარმატებულია და თუ არადა ვინც უკეთესაც გააკეთებს იმას მიყიდი და იქნება, ეს ჩვეულებრივი კომერციაა.

ვისაც უნდა წასვლა ყველა წავა და დამრჩენი დარჩება.

კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული, კომერციულად გამართული ორგანიზაცია, არხს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში, რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები.” – განაცხადა ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერაა ინსპირირებული და “ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ სააკაშვილის დასაცავად დგას.”

2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ არხის კოლექტივს გადასცეს ტელეკომპანია. გვარამიას თქმითვე, კოლექტივი ქიბარ ხალვაშისთვის დარჩენილი თანხის გადახდას უზურუნველყოფს.

გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით კი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის გარკვეულ ნაწილს ის არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი