ახალი ამბები

გალფ ჯორჯია: კეზერაშვილი არ ირიცხება კომპანიის აქციონერთა რიგებში

26 ნოემბერი, 2012 •
გალფ ჯორჯია: კეზერაშვილი არ ირიცხება კომპანიის აქციონერთა რიგებში

“გალფ ჯორჯიას” მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ამჟამად არ ირიცხება აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, “გალფში” თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც გახლავთ აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე პრეზიდენტი

“მე წარმოშობით საქართველოდან ვარ. მე მწამს და მჯერა, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების პროცესში. ვაპირებ ინვესტიციების გაგრძელებას და ამ კონტექსტში ახალი პროექტების განხილვას. ასევე, მსურს არსებულთან ერთად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქველმოქმედო პროექტებში მივიღო მონაწილეობა”, – ამბობს დავით იაკობაშვილი.

იაკობაშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე იქნა განთავსებული. 2011 წელს კი რუსეთის ისტორიაში საკვები პროდუქტების სექტორში უმსხვილესი გარიგება შედგა. კომპანია Wimm-Bill-Dann-ი PepsiCO Inc.-მა შეიძინა.

დავით იაკობაშვილი არის ასევე კომპანია AFK SISTEMA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერი, რომლის სტრუქტურაში არაერთი მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS და სანავთობო კორპორაცია Bashneft.

“გალფში” აცხადებენ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული – დღემდე მის განვითარებაში 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 1300-ს აღემატება.

ნავთობკომპანია  „გალფი“ საქართველოს ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა, რომელსაც საქართველოში 2010 წელს  დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. დავით კეზერაშვილმა გასული წლის ბოლოს “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ის “გალფის” ერთ-ერთი მფლობელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი