ახალი ამბები

რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

2 მარტი, 2017 • 2063
რატომ გამართა ბრიფინგი მეუფე დიმიტრიმ

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი დღეს, 2 მარტს, ჟურნალისტებს შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედერის განმავლობაში ყველაზე ხშირად გამოძიების მიმართ სანდოობას გაუსვა ხაზი. „არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას. ისე არ გამიგოთ, თითქოს ხელისუფლების კრიტიკას ვარიდებ თავს…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ასევე განაცხადა, რომ თუ სამართალდამცავებს გაუჩნდებათ მასთან კითხვები, ის მზადაა შეხვდეს მათ და გასცეს პასუხები. მისივე თქმით, ის თავს იკავებს საკუთარი ვერსიების გამოთქმისგან ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა აქვს სურვილი, რომ „ის [დეკანოზი გიორგი მამალაძე] იყოს უდანაშაულო, რაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნებაა“.

კითხვას, აპირებთ თუ არა, მოინახულოთ ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც თქვენთან შეხვედრას ითხოვს, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას დაელოდება და დეკანოზს იმ შემთხვევაში შეხვედება, თუ პატრიარქისგან კურთხევას მიიღებს.

მიტროპოლიტმა ისაუბრა დეკანოზის ოჯახის წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზეც. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული არ არის.

„კონკრეტულ საფრთხეზე გიორგის ოჯახის წევრებს ჩემთან არ უსაუბრიათ. ასეთი კონრკეტული რამ ოჯახის წევრებს ჩემთან არ უთქვამთ,“ – ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი.

გუშინ, პირველ მარტ,ს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდნენ. რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტებთან შეხვედრა მეუფე დიმიტრიმ დღეს? – „ბათუმელების“ კითხვას ბათუმის და ლაზეთის ეპისკოპოსმა ასე უპასუხა:

„ვხედავდი, როგორ ათენ-აღამებდით რეზიდენციის წინ. ხმაური არ მაწუხებს, მაგრამ შემაწუხა იმან, რომ ამ სიცივეში იდექით. იძულებული გამხადეთ, რომ მეთქვა… არც თქვენ ისვენებდით და არც მე მასვენებდით“.


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი