ახალი ამბები

შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

2 მარტი, 2017 • 1938
შეიცვლება თუ არა ქონების დაყადაღების წესები

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულის ან მასთან დაკავშირებული პირების ქონება დააყადაღოს, მათ შორის, საბანკო ანგარიშები. არის თუ არა ეს წესი კონსტიტუციური? – საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

სარჩელის ავტორი შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერია“, რომლის უძრავი ქობებაც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით დააყადაღეს და მისი სარგებლობის უფლება მესაკუთრეს შეუზღუდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ნორმა ბრალდებულთან დაკავშირებული პირის ქონების დაყადაღების შესახებ ბუნდოვანია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომლითაც დაცულია, როგორც საკუთრების, ისე მეწარმეობის უფლებები.

მოქმედი კანონმდებლობით,  პროკურატურის მიმართვიდან 48 საათში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ქონების დაყადაღების საკითხს, თუკი დასაბუთებულია ვარაუდი, რომ ქონება უკანონოდ არის შეძენილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გასული წლის 18 აპრილს სარჩელი ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს სხვა შემადგენლობამ ზაზა თავაძის თავმჯდომარეობით არ დააკმაყოფილა.

მაშინ მოსარჩელეები ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებული, თეიმურაზ ჯანაშია იყვნენ. სასამართლომ მიიჩნია: „არ არის აუცილებელი, რომ კაბონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ – ვკითხულობთ საკონსტიტუიო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელემ დღევანდელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლებთან მიმართებაში მოხსნა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. სასამართლომ ამჯერად ამავე კიდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელის, რომელიც ყადაღის მოქმედების ფარგლებს ადგენს – რა უფლება ეზღუდება კონკრეტულად მესაკუთრეს ყადაღის დადების შემთხვევაში.

„შეიძლება მოსამართლემ ეს სამართლებრივი ნორმა არასწორად გამოიყენა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად ნორმა არაკონსტიტუციურია“ – მიმართა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელმა. პარლამენტი ამ დავაში მოპასუხე მხარეა.

„თუ ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა მოსამართლე დაუსაბუთებლად იყენებს ამ აუცილებელ საჭიროების გამო ქონების დაყადაღებას, ხომ არ გამოდის, რომ მართლაც ბუნდოვანებასთან გვაქვს საქმე?“ – იკითხა სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრმა, მანანა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი