არქიტექტურული ჟურნალის “MARK”–ის 37–ე ნომერი, რომელიც 2012 წლის აპრილ–მაისითაა დათარიღებული, საქართველოში განხორცილებულ სამშენებლო პროექტებს მიეძღვნა. ჟურნალში განთავსებული ვიზუალური მასალა წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებს, მაგალითად, თეატრს რიყის პარკში, ბათუმის აკვარიუმს, ქუთაისში პარლამენტის შენობას და სხვა.
ჟურნალის ერთ–ერთ სტატიას, ისევე როგორც მთლიანად ნომერს, სათაურად ჰქვია Brand New Georgia (სრულიად ახალი საქართველო), ხოლო ნომრის სლოგანია Saakashvili rebuilds a country (სააკაშვილი აშენებს ქვეყანას).
ჟურნალ MARK-ის აღნიშნული ნომრის გამოსვლა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაემთხვა. ამ პერიოდში თბილისში პარლამენტის შენობაზე განთავსდა ჟურნალ MARK-ის 37-ე ნომრის გარეკანის ამსახველი პლაკატი, ისევე როგორც საქართველოს ტექნიკური მიღწევების (მაგ. პირველი ქართული კომპიუტერი, ქართული ჯავშანტრანსპორტიორი „ლაზიკა“ და სხვ.) სურათები.
საქართველოს პრეზიდენტის 6 ივნისის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 102 450 ლარი გამოეყო “Brand New Georgia”-ს შესახებ საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოში ჩამოსული ინვესტორების ინფორმირების და შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი სარეკლამო ზედაპირების (შენობების შესაფუთი პლაკატების) დამზადებისა და საქართველოს მასშტაბით განთავსებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით.
ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მასალებზე დაყრდნობით გთავაზობთ.








