მეშახტეების გაფიცვის მიზეზი ხელფასების 20%–მდე შემცირება და ტყიბულში არსებული ორი შახტიდან ერთ–ერთის – ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვაა. აღნიშნული შახტის დახურვის გადაწყვეტილება შახტების მფლობელმა კომპანიამ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა(ჯი–აი–ჯი ჯგუფი)” რამდენიმე კვირის წინ მიიღო. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყევტილება პრეზიდენტ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით მიიღო, რადგან “ჯი–აი–ჯი ჯგუფი” “ნაციონალური მოძრაობის წევრისა” და პარლამენტის დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა.
პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, ისინი ეწინააღმდეგებიან ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვას, სადაც 380 ადამიანი მუშაობს. მისი თქმით, ამდენი ადამიანის უსამსახუროდ დატოვება მძიმე ტვირთად დააწვება ტყიბულელ მეშახტეებს, რადგან ამ ქალაქში დასაქმების სხვა საშუალება არ არის.
თამაზ დოლაბერიძის მოსაზრებით, იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ტყიბულში არჩევნები წააგო, “ნაციონალური მოძრაობა” ამ გზით ცდილობს მოსახლეობისთვის სამაგიეროს გადახდას.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა ჩვენი ხელფასების შენარჩუნებაა. მოგეხსენებათ, ტყიბული არის ძალიან პატარა ქალაქი და, ფაქტიურად, ამ ხალხის მხრებზე დგას მთელი ქალაქი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ტყიბულელმა მეშახტემ რატი ჭანტურიძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტყიბულელი მეშახტეები რამდენიმე საათის მანძილზე იმყოფებოდნენ, მათი რაოდენობა კი 100–ს აჭარბებდა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი შემდეგ საპროტესტო აქციას საქართველოს პარლამენტთან გამართავენ, თუმცა, როდის, ამას მოგვიანებით გადაწყვეტენ.