ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში მიემგზავრება

28 თებერვალი, 2017 • 4522
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში მიემგზავრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

გიორგი მარგველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს  ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდება.

ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში დაათვალიერებს დიდი სამამულო ომის ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე, მრავალფუნქციური კულტურულ-სპორტული კომპლექსს „მინსკ არენა“ და ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად მემორიალურ კომპლექსს “დიდების ყორღანი” ყვავილების თაიგულით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი