ახალი ამბები

ომბუდსმენის წინადადებით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს

27 თებერვალი, 2017 • 1582
ომბუდსმენის წინადადებით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს

საქართველოს სახალხო დამცველს აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებები უნდა შევიდეს. სახალხო დამცელმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა.

სახალხო დამცველის წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების  მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში, რომლებიც შეეხება:

[checklist]

  • შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობას, შვილად აყვანის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინების ვალდებულება პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის
  • შვილად ამყვანსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის თავსებადობის დადგენის გაუმჯობესებული მექანიზმის შემოღება
  • უპირატესი შვილად აყვანის უფლების მქონე პირთა შორის რიგითობის წესის დადგენა
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის მიმართება შვილად აყვანის რიგითობასთან
  • ბავშვის მშვილებლისაგან განცალკევების წესის დადგენა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239–ე მუხლთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა

[/checklist]

სახალხო დმცველის აზრით, მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო  ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით  აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები:

[checklist]

  • ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა
  • საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა
  • საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება

[/checklist]

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესიც და უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას.

“აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი