ახალი ამბები

MFA: ირლანდიის პარლამენტმა პირველად მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

25 თებერვალი, 2017 • 4331
MFA: ირლანდიის პარლამენტმა პირველად მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  2017 წლის 23 თებერვალს ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.

განცხადების თანახმად,   ირლანდიის პარლამენტმა  საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად მიიღო. ამავე განცხადებით, რეზოლუციით ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისათვის და ამ კუთხით ხაზგასმულია მომავალში ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობა.

“კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში,” – აღნიშნულია რეზოლუციაში.

სამინისტროს ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის უკანასკნელ წლებში განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესს პოლიტიკური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ირლანდიამ უნდა განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ევროპის ერთობისა და სოლიდარობის მიმართულებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

სამინისტროს განცხადების თანახმად, რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ირლანდიაში საქართველოს ახლად გახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში და გამოთქმულია იმედი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი