ახალი ამბები

“გირჩმა” ე.წ. ბიონარკოტიკის შეძენაზე ექსპერიმენტი ჩაატარა

24 თებერვალი, 2017 • 3129
“გირჩმა” ე.წ. ბიონარკოტიკის შეძენაზე ექსპერიმენტი ჩაატარა

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდრის განცხადებით, ე.წ. ბიონარკოტიკის შეძენის ექსპერიმენტი ჩაატარეს. როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში კანაფის შეძენა ძალიან რთულია –  ე.წ. ბიონარკოტიკის მოპოვება, რომელიც მისივე განცხადებით, კანაფზე 400-ჯერ ძლიერი და ასევე მომხმარებლისთვის მავნებელია, ერთ საათზე ნაკლებ დროში მოახერხეს.

“დღეს არის ქვეყანაში სიტუაცია, რომ კანაფის შოვნა რომ მოუნდეს ადამიანს, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ამავე დროს, ამ სურათს აქვს მეორე მხარე  – რა ხდება ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს ჩავატარეთ ექსპერიმენტი, მოვიძიეთ არხი, როგორ შეიძლებოდა ამ ნარკოტიკის შოვნა. გვინდოდა ერთი არხი, მაგრამ რეალურად ძალიან სწრაფად რამდენიმე არხი გავარკვიეთ. ჩვენ გამოვიყენეთ ერთ-ერთი არხი” – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. ბიონარკოტიკი ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული და “გირჩის” არაფორმალური გამოკვლევით ყოველდღიურად ათასობით ქართველი ახალგაზრდა მოიხმარს ქვეყნის მასშტაბით:

“ჩვენ, ყველა პროცედურა გავიარეთ და დაახლოებით 40 წუთში შევძელით ამ ნარკოტიკის აღება” – ამბობს ჯაფარიძე.

გირჩმა მოპოვებული "ბიო ნარკოტიკი" პოლიციას გადასცა; ფოტო: გირჩი. 24 ტებერვალი, 2017

გირჩმა მოპოვებული “ბიო ნარკოტიკი” პოლიციას გადასცა; ფოტო: გირჩი. 24 ტებერვალი, 2017

“ამით გვინდა გაჩვენოთ ერთადერთი: კანაფის, რომელიც ბუნებრივად  იზრდება და რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მოიხმარენ ადამიანები, რომელიც იზრდება საქართველოში, ყველა რადიუსში  მისი მოპოვება არის კატასტროფულად გართულებული და თუ მოიპოვებს ადამიანი, უშვებენ ციხეში  მაშინ, როდესაც ქვეყანა წალეკილი აქვს ამ ბიონარკოტიკს” – ამბობს ჯაფარიძე.

ამბის განახლება: პარტია  “გირჩის”  ოფისში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ “გირჩის” ლიდერმა მოპოვებული ე.წ. ბიონარკოტიკი გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი