ახალი ამბები

ჰამასმა იერუსალიმი დაბომბა

17 ნოემბერი, 2012 • • 1668
ჰამასმა იერუსალიმი დაბომბა

BBC-ის ცნობით, ერთ–ერთი რაკეტა იერუსალიმის გარეუბანში ჩამოვარდა, თავად ჰამასის წარმომადგენლებმა, რომლებიც ღაზის სექტორს აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ მათი მიზანი ისრაელის პარლამენტის დაბომბვა იყო, თუმცა რაკეტამ მიმართულება შეიცვალა. ისრაელელი სამართალდამცავები ამ დროისათვის აზუსტებენ, მეორე რაკეტაც იერუსალიმის ტერიტორიაზე ხომ არ ჩამოვარდა. აღნიშნული რაკეტების აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

ისრაელ–პალესტინური კონფლიქტი ოთხშაბათს, 14 ნოემბრიდან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა ჰამასის სამხედრო დაჯგუფების ლიდერი აჰმად ჯაბარი, ერთ–ერთი ლიდერი ასევე მოკლეს პარასკევს.

 

ოთხშაბათიდან დღემდე ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. BBC-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 7 ბავშვია. რაც შეეხება ჰამასის იერიშებს, მას ისრეალის 3 მოქალაქე – 2  ქალი და 1 მამაკაცი ემსხვერპლა.

 

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ასევე აცხადებს, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სულ 550–მდე რაკეტა ისროლეს, მათგან რამდენიმე კი თელ–ავივისკენ იყო მიმართული, რაც 1991 წლის შემდეგ არ მომხდარა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორზე 600–მდე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი იერიშების მთავარი მიზანი იმ სამხერო ინფრასტრუქუტურის განადგურებაა, რომლის საშუალებითაც ჰამასის მებრძოლები ისრაელის ქალაქებს რაკეტებს უშენენ.

 

პარასკევს, საღამოს ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი სამი მნიშვნელოვანი გზა დაკეტა, ვრცელდება ხმები, რომ ისრაელი არ შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო იერიშებით და ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას წამოიწყებს, თუმცა ამას ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.  ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გამოიძახა 70 ათასი რეზერვისტი, ადგილობრივ რადიოზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს BBC.

 

პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელის ხელისუფლება “მასობრივ მკვლელობებში” დაადანაშაულა.

 

დასავლელმა ლიდერებმა კი ორივე მხარეს ძალადობის ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად ღაზის სექტორს რამდენიმე საათით ეწვია ეგვიპტის პრემიერ–მინისტრი, რომლის ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ განაცხადა, რომ ეგვიპტე პალესტინას მარტო არ დატოვებს და მან ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები “კაცობრიობის წინააღმდეგ ღია აგრესიად” შეაფასა.

 

ჰამასსა და ეგვიპტეს შორის კავშირები საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ მუსრის გაიმარჯვების შედეგად გამყარდა. მოჰამედ მუსრი “მუსლიმთა საძმოს” წევრია, რომელ “არაბული გაზაფხულის” შემდეგ ეგვიპტეში მოსახლეობის უმრავლესობა მიიმხრო. ჰამასი სწორედ “მუსლიმთა საძმოს” ერთ–ერთი განშტოებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი