ახალი ამბები

პატარკაციშვილის მეუღლე ვანო ჩხარტიშვილთან დაპირისპირების შესახებ

15 ნოემბერი, 2012 • 3063
პატარკაციშვილის მეუღლე ვანო ჩხარტიშვილთან დაპირისპირების შესახებ

“ამ ბოლო დროის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები ისევ გავხდით ვანო ჩხარტიშვილის განცხადებების სამიზნე. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეები უჩივიან ვანო ჩხარტიშვილს სხვადასხვა სასამართლოებში და საქართველოს პროკურატურაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომპეტენტურ ორგანოებს არ გაუჭირდებათ, რომ გაერკვნენ საკმაოდ მარტივ ფაქტებში და დაადგინონ სიმართლე მედიასაშუალებების ჩარევის გარეშე”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.

 

განცხადებაში ინა გუდავაძე არ ადასტურებს მისი და მისი ოჯახის მონაწილეობას ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გადაღებულ სიუჟეტში, სადაც ჩხარტიშვილის მხრიდან პატარკაციშვილის ქონების მიტაცებაზეა საუბარი:

 

“კლიპი ჩვენი მონაწილეობით ან დავალებით რომ შექმნილიყო, ლაპარაკი იქნებოდა კიდევ მრავალ აქტივზე, რომელიც, ჩვენი მტკიცებით, ბადრის გარდაცვალების დროს მის კომპანიებს ეკუთვნოდა და გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში აღმოჩნდა”, – აცხადებს ინა გუდავაძე. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “მზეს” და იმას, თუ ვინ იყვნენ ამ არხის მფლობელები, არანაირი კავშირი არ აქვს მათი ოჯახის მიერ ტელეკომპანია “იმედის” დაბრუნებასთან.

 

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სახელით აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა. გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაშინება ხდება. მისი თქმით, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი რუხაძე, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივთან, ინა გუდავაძესთან პირადად მივიდნენ და “მზის” წილის გადაფორმებაზე დავის წამოწყება მოსთხოვეს. გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილის ოჯახმა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი