ახალი ამბები

‘რუსთავი 2’–ის 51%–იანი წილი ‘ტელეკომპანია საქართველოს’ გადაეცა

14 ნოემბერი, 2012 • 1020
‘რუსთავი 2’–ის 51%–იანი წილი ‘ტელეკომპანია საქართველოს’ გადაეცა

ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 13 ნოემბერსაა დაფიქსირებული.

კაპიტალის სანაცვლოდ ახალი პარტნიორის საზოგადოებაში მიღება პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომელსაც “რუსთავი 2”–ის წილის მფლობელები გიორგი გეგეშიძე და გიორგი ყარამანიშვილი ესწრებოდნენ, ეს უკანასკნელი მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა “რუსთავი 2”–ის წილის მესამე მფლობელს ლევან ყარამანიშვილსაც.

კრებაზე გადაწყდა, რომ “ტელეკომპანია საქართველო” ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ს კომპიუტერულ, ვიდეო და აუდიო აპარატურას და სხვა სახის ტექნიკას, აგრეთვე, ავეჯს და სხვა ნივთებს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს, სანაცვლოდ კი მას “რუსთავი 2”–ის 51%–იანი წილი გადაეცემა.

შედეგად წილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გიორგი გეგეშიძე – 9% (ფლობდა 10%–ს)
გიორგი ყარამანიშვილი – 18% (ფლობდა 50%–ს)
ლევან ყარამანიშვილი – 22% (ფლობდა 40%–ს)
შპს “ტელეკომპანია საქართველო” – 51%

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობის შედეგად ტელეკომპანია “საქართველოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები, რომლებიც თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, გორს, სენაკს და საჩხერეს მოიცავს, “სამოქალაქო განათლების ფონდს” გადაეცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლი და ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.

“რუსთავი 2″–ის წილის დაბრუნება მის ყოფილ მფლობელებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, ასევე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსაც სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი