ახალი ამბები

მრევლი პატრიარქის მოლოდინში თბილისის აეროპორტში

20 თებერვალი, 2017 • 19657
მრევლი პატრიარქის მოლოდინში თბილისის აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო შესასველთან მრევლი ილია მეორის დასახვედრად იკრიბება. მათ იმედი აქვთ, რომ ეკლესიაში არსებულ ყველა პრობლემას პატრიარქი მოაგვარებს.

პატრიარქის დასახვედრად მისულმა გელა მანჯავიძემ, რომელმაც თავი წარმოგვიდგინა, როგორც პატრიარქის ყოფილმა სტიქაროსანმა, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. მისი თქმით, ეჭვი ეპარება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებული ბრალდების სიმართლეში.

“გარეშე ძალებისგან არის დადგმული ეს, როგორც შოუ. ალბათ აწყობს იმას, ვინც არ არის მორწმუნე და ალბათ სხვა იდეოლოგიის მატარებელია. ვერ დავასახელებ, საიდან მეცოდინება ეს პირები. პატრიარქის ჩამოსვლა შეცვლის იმას, რომ პატრიარქი უდიდესი ავტორიტეტია და როცა საქართველოშია, ხალხი მაინც მშვიდად არის. ბრძენი პატრიარქი გვყავდა და ყველა სიტუაციიდან მოახერხებს, ქრისტესმერი სიყვარულით და არა მტრობით შეძლოს გამოსვლა”.

აეროპორტში მისულმა მონაზონმა ანისიამ შორენა თეთრუაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არავის აქვს განკითხვის უფლება:

“მას არც ქონება აქვს, არც ცხოვრება აქვს და არავის ფული არ აინტერესებს. არც შორენა არის ჩვენი განსაკითხველი და განსასჯელი. პატრიარქს რომ არ უნდოდეს, გვერდზე არ ეყოლებოდა. მოღალატეს ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს და, იმედი მაქვს, ყველაფერი მოწესრიგდება. შორენა არის ძალიან ძლიერი და ძალიან პატიოსანი ქალბატონი, რომელიც მას ემსახურება. თავისი ცხოვრება შესწირა მას,”-განაცხადა მონაზონმა ანისიამ.

მონაზონმა ივლიტამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაკავებული დეკანოზი მამა გიორგი კარგი ადამიანია:

“მამა გიორგის ვიცნობ, როგორც სასულიერო პირს, ძალიან კარგი ადამიანია, იმის იქით რა არის, მე არ ვიცი” – განაცხადა მონაზონმა ივლიტამ.

აეროპორტში შეკრებილი მრევლის წარმომადგენელმა, დარეჯან დარჩიამ გვითხრა, რომ პატრიარქს დიდი იმედებით ელოდება.

“მე ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი ყოველივე ამით და არ არის სასიამოვნო მოსასმენი ეს ყველაფერი. მაგრამ, არაუშავს, ჩამოვა ჩვენი პატრიარქი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება,” განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი