საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რასაც მარტინ შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ქართულმა მხარემ აქვე მიუთითა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს რუსეთისგან.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
მარტინ შულცმა ასევე ისაუბრა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ დაპატიმრებებზე და აღნიშნა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრისგან გარანტია იმის თაობაზე, რომ ყველაფერი მოხდება ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემის ფარგლებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში უკვე მეორე დღეა ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გუშინ ის უკვე შეხვდა ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს.
ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.