გაბუნიას თქმით, ზემოთ აღნიშნული პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ტელეკომპანია “მზის” უკანონოდ ჩამორთმევაში:
“ვანო ჩხარტიშვილს აქვს ყველა მტკიცებულება, რაც მის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას დაადასტურებს, ის ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა პროკურატურის მოთხოვნის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ჩამოვიდეს”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია. მისი თქმით, ტელეკომპანია “მზის” წილი ვანო ჩხარტიშვილმა დავით ბეჟუაშვილის სახელზე იმის გამო გადააფორმა, რომ მისი ოჯახის დაშინება ხდებოდა:
“ამ პერიოდში ვანო ჩხარტიშვილის 8 წლის შვილიშვილი ფაქტიურად გაიტაცეს, ის იყო ჩაკეტილი და დაპატიმრებული, ოჯახს კი ემუქრებოდნენ. ხოლო იმ თანხიდან, 144 000 ლარიდან, რომელიც ჩხარტიშვილს ტელეკომპანიის გადაფორმების შემდეგ უნდა მიეღო მას, არც ერთი თეთრი არ მიუღია”, – აცხადებს გაბუნია.
დიმიტრი გაბუნია სოციალურ ქსელებში და ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოსაც შეეხო, რომელშიც საუბარია ვანო ჩხარტიშვილის მიერ გარკვეული ქონების, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მითვისებაზე:
“ვანო ჩხარტიშვილი ამ ვიდეოში მოროდიორადაა გამოყვანილი, ფილმის ტირაჟირება კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”–მა მოახდინა და თავის ეთერში გაუშვა, ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანიას და ვუთხარით, რომ ეს იყო ფაქტის ცალმხრივი გაშუქება. ეს ფილმი ეთერში გავიდა იმის გამო, რომ დღესაც არხის პოლიტიკას გიგი უგულავა წარმართავს”, – განაცხადა გაბუნიამ, მისი თქმით, პროკურატურას ვანო ჩხარტიშვილი “რუსთავი 2”–თან დაკავშირებითაც მიმართავს, რადგან საქმე ეხება მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
დიმიტრი გაბუნია ვანო ჩხარტიშვილზე ფილმში არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს, მათ შორის იმას, რომ ჩხარტიშვილი ყალბი მინდობილობის მეშვეობით იფორმებდა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ქონებას:
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც გამოიტანა მათი გამამტყუნებელი დასკვნა და საბოლოოდ, ოჯახს ეს საქმე ძალიან დიდი თანხა დაუჯდა, რომელიც საქმის წარმოებისას გადაიხადეს”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ, მან ჟურნალისტებს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა.
პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია “მზის” ერთ–ერთი დამფუძნებელი ელდარ მდინარაძეც, მისი თქმით, ტელეკომპანიის ჩამოყალიბებიდან ერთ წელიწადში ტელევიზიას წართმეული ჰქონდა თვითმყოფადობა, რადგან მისი ყველა დამფუძნებლის წილი სხვა პირებზე იყო გადაფორმებული:
“ჩვენი მთავარი პრინციპი სიტყვის თავისუფლება იყო და ვერავინ ვერ დამისახელებს თუნდაც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ ვინმესთვის ეთერი დაგვებლოკოს. თუმცა მმართველობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ყველაფერი დააჩქარა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმემ და ტელეკომპანია “მზის” ეთერში გასულმა გადაცემამ “არჩევანის ზღვარზე” სადაც წამყვანმა პირდაპირ დასვა ძალიან მწვავე კითხვები”, – აცხადებს ელდარ მდინარაძე. მისი თქმით, 2004 წლის მაისის დასაწყისში ვანო ჩხარტიშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა და იძულებული გახადა საკუთარი წილი დავით ბეჟუაშვილისთვის გადაეფორმებინა:
“ამჟამად მე და ჩემი თანამოაზრე ვანო ჩხარტიშვილი ვმუშაობთ ახალი ტელეკომპანიის – “მზერას” ჩამოყალიბებაზე, კომპანია დაფუძნებულია და მიდის მუშაობა, რომ იქ დაბრუნდნენ ის კადრები, რომლებიც დაიბადნენ და ჩამოყალიბდნენ ტელეკომპანია “მზეზე”, – აცხადებს ელდარ მდინარაძე.
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაშანტაჟება ამ დრომდე გრძელდება, მისი თქმით, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი რუხაძე, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივთან, ინა გუდავაძესთან პირადად მივიდნენ და “მზის” წილის გადაფორმებაზე დავის წამოწყება მოსთხოვეს. როგორც გაბუნია ამბობს, ამის შესახებ მას ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილმა მიაწოდა.
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პროკურატურას ვანო ჩხარტიშვილის სახელით ის, სავარაუდოდ, ზეგ, 15 ნოემბერს მიმართავს.