ახალი ამბები

სააკაშვილი: თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი

12 ნოემბერი, 2012 • 987
სააკაშვილი: თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი

სააკაშვილის თქმით, თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა საქართველოში ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა, რამაც “რეფორმატორების გუნდს დააკარგვინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი”.

 

“საქართველოში ნატო არც პარტიული საკითხია და არც მარტივი საგარეო პოლიტიკური მიზანი. ნატოსკენ სწრაფვა ჩვენი იდენტურობისა და იმ ახალი სახელმწიფოს განუყოფელი  ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევქმენით. ეს ჩვენი დემოკრატიის ამოსავალი წერტილი და იმ ღირებულებების ქვაკუთხედია, რომლებზეც ჩვენი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაშენეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი ძალა არ  გაბედავს ღიად გაუწიოს ოპონირება ნატოსა და ევროკავშირს, რადგან ქართველი ამომრჩევლები არ დაეთანხმებიან პოზიციას, შეიცვალოს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი:

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პარტია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ტრანსფორმაცია მოახდინა, ახლა საპარლამენტო უმცირესობაში იმყოფება. მაგრამ ჩვენი ბოლო არჩევნების შედეგებმა არ უნდა შეაჩეროს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.”

 

სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოში არჩევნების დროს განხორციელებული სადამკვირვებლო მისიებისთვის:

 

“თქვენი მონიტორინგი მნიშვნელოვანი იყო ჩვენს არჩევნებში, მაგრამ თქვენი აქტიურობა ახლა, მომავალ თვეებსა და წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის სიჯანსაღისთვის. ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მუდმივად დაკვირვებული თვალი და თქვენი ცოდნის დიდი რეზერვი, რათა საქართველო დარჩეს სწორ გზაზე, რათა ჩვენმა ინსტიტუტებმა გააგრძელოს ქართველი ხალხის სამსახური, ჩვენმა სასამართლომ, რომელიც ორიენტირებულია კანონის დაცვაზე და არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ისევე გააგრძელოს მუშაობა, რათა შენარჩუნდეს პატივისცემა ჩვენი ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ.”

 

სააკაშვილის თქმით, საქართველომ თავი უნდა დააღწიოს მენტალიტეტს – „მოგებულს რჩება ყველაფერი“.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ბუქარესტში საქართველომ მიიღო დაპირება იმის შესახებ, რომ ის გახდებოდა ალიანსის წევრი:

 

“ბევრმა ჩვენმა მეგობარმა ხაზგასმით და სამართლიანად აღნიშნა პირველი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და ის, რომ ეს არჩევნები იქნებოდა გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ… 

 

ახლა დროა, ჩვენი ინტეგრაციის პროცესში ახალი  ნიშნულების მიღწევაში დაგვეხმაროთ. ახლა დროა, დავინახოთ ახალი კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის განცხადების ხორცშესასხმელად; ახალი რეალური ნაბიჯები ალიანსში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი