გაუქმდება თუ არა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი? [Video]

უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და წარმოადგენს თუ არა მუზეუმის სახელწოდებაში ტერმინი – ოკუპაცია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით შემაფერხებელ საკითხს? 

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებiს მოთხოვნით, დღეს, 12 ნოემბერს, აქცია გაიმართა თბილისში, “ერეკლე მეორის საზოგადოების” ორგანიზებითა. ორგანიზატორების განცხადებით, ოკუპაციის მუზეუმი ხელს უშლის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას და მათი სურვილია საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად, გმირთა მუზეუმი არსებობდეს. 

 

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შესაძლებლობა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

კულტურის მინისტრის მოადგილის, იური მეჩითოვის განცხადებით, თუ დეფინიცია ან ტერმინი უშლის ხელს საქართველოს საერთო მიზანს – ქვეყნის გაერთიანებას, ეს ტერმინი არ უნდა დადგეს მიზანზე მაღლა:

 

“არის ტაქტიკა და არის სტრატეგია. სტრატეგიულად ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ტაქტიკურად თუ რაღაც უშლის ამ გამთლიანებას ხელს, წარწერა იქნება, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მუზეუმი შეიძლება დარჩეს, მაგრამ სხვა სახელი ჰქონდეს. იგივეა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. მე არ ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, უბრალოდ, როგორც მოქალაქე, გეტყვით ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინაპირობას დავუდებთ და დავაწვებით, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი ამას არ აღიარებს და არც მოლაპარაკებები იქნება და არაფერი. ჩვენი მიზანი რა არის? მოლაპარაკეების დაწყება და კომპრომისის ძიება, უკომპრომისო დიპლომატია არ არსებობს. ჩვენ არადიპლომატიურ ენაზე ვსაუბრობთ, დიპლომატიაში არსებობს სივრცე შესაძლებლობების. ჩვენ ძალიან ხშირად არადიპლომატიურად ვიქცეოდით და შესბამისი შედეგიც გვაქვს,” – განაცხადა იური მეჩითოვმა “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

 

კულტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების წინააღმდეგია, თუმცა უფრო მისაღები ტერმინის მოფიქრების შესაძლებლობაზე საუბრობს.

 

“შესასწავლია საკითხი, უნდა ვნახოთ, რა არის მარადიული, მარადიულია ის, რომ საქართველო არ იყო თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ დეფინიციები და დასახელებები, ისეთი ტერმინი უნდა დავარქვათ, რომ არ მოგვიწიოს ბოდიშის მოხდით ამ დასახელების გამოცვლა ან რამე მსგავსი. იგივე უცხოეთში მკვლევარებში რომ ნახოთ, ეს პერიოდი, უპირობოდ ოკუპაციად არ არის მიჩნეული”.

 

 

დღესვე გაჟღერდა მოთხოვნა ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშიებით. “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის თქმით, ეს ნაბიჯი არ ნიშნავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებას. 

 

“ოკუპაციის კანონის გაუქმება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, პირიქით, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რათა დიპლომატებს  მიეცეთ საშუალება ყველა იმ პრობლემაზე დაიწყონ საუბარი, რომლებიც აფხაზებს, ოსებს და ქართველებს აწუხებს და ტერმინის ოკუპაცია ამ პროცესს ხელს უშლის”.

 

დღევანდელი აქციაზე პარტია “საქართველოს მშრომელთ საბჭოს” მოადილემ ირინე რუხაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო გორში, სტალინის ძეგლის მუზეუმთან დადგმის მოთხონით. მოთხოვნას ამ ეტაპზე, სულ 121 ხელმომოწერი ჰყავს. 

 

რაც შეეხება გორში სტალინის ძეგლის ხელახლა შესაძლო აღმართვას, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია განმარტავს, რომ საჭიროა საკითხის შესწავლა და იმ მოსახლეობის რაოდენობის დადგენა, ვინც ამ მოთხოვნას ეთანხმება. თუმცა, მისი აზრით, საკითხი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს:

„ყველა ქალაქს აქვს თავისი დამოუკიდებლობა. ვთქვათ, თბილისში თუ რაღაცას ვგეგმავთ, თბილისელებს უნდა ვკითხოთ და განხილვის საგანი უნდა გახდეს წინასწარ.“

 

ოკუპაციის მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი ხვალ, 13 ნოემბერს გაავრცელებს განცხადებას დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წელს დაფუძნდა. იგი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან, აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმის არქივებიდან, საცავებიდან, ოჯახებიდან. მათ შორისაა: სხვადასხვა სახის დოკუმენტები და ნივთიერი მასალები, დაკითხვის ოქმები, ფოტომასალები, ინსტალაციები. მუზეუმში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ელენე ხაჭაპურიძე