ახალი ამბები

ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

17 თებერვალი, 2017 • 2662
ქუთაისში ინტენსიურმა თოვამ ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

ინტენსიური თოვის გამო, რომელიც ქუთაისში დღეს 17 თებერვალს გამთენიისას დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებლებს ქუჩაში გადაადგილება უჭირთ, როგორც მსუბუქი ავტომანქანით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ბავშვების ნაწილი სკოლაშიც ვერ წავიდა. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა თოვას არსებული რესურსი ვერ უმკლავდება.

თოვლი ქუთაისში ფოტო: გიგა შუშანია

თოვლი ქუთაისში ფოტო: გიგა შუშანია

“ქ.ქუთაისი მერია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო სანამ კამერებთან პოზიორობას გადაწყვეტთ, რომ 24 საათი მუშაობთ და ყველა გზა გაწმენდილია, მანამ მიხედეთ ამ ადამიანებს. მანქანების ამოყვანაში მაინც დაეხმარეთ. მარილი რომ გაუთავდა შემსრულებელს და იმიტომ ვერ აყრით, ამას უკვე თქვენი თანამშრომლებიც საუბრობენ”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქზე.

მერიის სპეციალური სერვისების სამსახურის  პრესამსახურის წარმომადგენლის გიორგი მჟავანაძის თქმით, გაწმენდითი სამშაოები ინტენსიურად მიმდინარობს, თუმც უხვი ნალექის გამო, ტექნიკა საკმარისი არაა:

“ინტენსიურად მიდის სამუშაოები, შეფერხებები ნამდვილად არის, მაგრამ ეს უმარილობის გამო არაა. ეს არის ინტენსიური თოვის გამო, მიმდინარეობს სპეცტექნიკით გზების გაწმენდა სასიცოცხლო ობიექტების, პრიორიტეტბის დაყოფილი გვაქვს, ცენტრალური მაგისტრალების, მაგრამ ინტენსიური თოვის გამო, ერთ ადგილს როცა გაწმინდავს მანქანა, მეორე მობრუნებაზე კვლავ გასაწმენია. იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, რომ ერთი ტექნიკა საათობით ან მთელი დღის მანძილზე რომელიმე კონკრეტულ ქუჩას მოვახმაროთ, მაგრამ მობილიზებული გვაქვს ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, მათ შორის ცოცხალი მუშა ხელის, გაჩერებების გასაკვალად. შეფერხებები არის, მაგას არ დავმალავ, მაგრამ შეფერხებას ქმნიდა ინტენსიური თოვა”,- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი