ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: ერთ თვეში 1 275 სესხი გალარდა

17 თებერვალი, 2017 •
ეროვნული ბანკი: ერთ თვეში 1 275 სესხი გალარდა

გალარების პროგრამის დაწყების ერთი თვის თავზე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 275 სესხი გალარდა, რაც მოცულობით 15.67 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

გალარების ერთჯერადი, ორთვიანი პროგრამა, რომელსაც მთავრობა და ეროვული ბანკი ახორციელებენ, 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და იგი კიდევ ერთი თვე, 17 მარტამდე გაგრძელდება.

თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ გალარების ერთჯერადი პროგრამა სულ 33 ათას ადამიანს ეხებოდა. მიგვიანებით, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით  27,000 ფიზიკურ პირს შეეხება.

გალარება ხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით, კერძოდ. თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით.

კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გალარება ეხება სესხებს, რომლებიც, გაცემულია ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1 იანვრამდე, არის აშშ დოლარით და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.

სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან  ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.

სულ დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება პროგრამა, საშუალო სესხის მოცულობა 15,000 აშშ დოლარია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი